საქართველოს პრეზიდენტის დაცვის სამსახურის თანამშრომლებმა კახეთის საინფორმაციო ცენტრის ჟურნალისტი ნათია დანელიშვილი გაათავისუფლეს.
პრეზიდენტის დაცვის სამსახურის თანამშრომლებმა ჟურნალისტი ყვარელში, პროფესიული მოვალეობის შესრულების დროს დააკავეს. ჟურნალისტის თქმით, დაცვის სამსახურის თანამშრომლები მისგან გადაღებული მასალის წაშლას ითხოვდნენ, დაახლოებით 40 წუთის განმავლობაში კი გადაადგილების საშუალებას არ აძლევდნენ. ჟურნალისტი იტყობინებოდა, რომ მოთხოვნის შეუსრულებლობის შემთხვევაში, პრეზიდენტის დაცვის სამსახურის თანამშრომლები მას ფოტოკამერის განადგურებით დაემუქრნენ. ჟურნალისტმა გრემის ახლადრეაბილიტირებული სამონასტრო კომპლექსის მიმდებარე ტერიტორიაზე მყოფ პოლიციის თანამშრომლებს დახმარება სთხოვა, თუმცა უშედეგოდ.
საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენელმა ირმა ნადირაშვილმა განაცხადა, რომ კახეთის საინფორმაციო ცენტრის ჟურნალისტმა ნათია დანელიშვილმა პრეზიდენტის ესკორტი გადაიღო, რისი უფლებაც მას არ ჰქონდა და დაცვის სამსახურთან ამიტომაც შეექმნა პრობლემები.