"Fox News"-ის ინფორმაციით, რუსეთ-საქართველოს ომზე გადაღებული "აგვისტოს 5 დღის" ნახვას ბარაკ ობამა არ მოისურვებს.
სტატიის ავტორის, "ელისონის საგარეო პოლიტიკის კვლევების ცენტრის" დირექტორ ჯეიმს ჯეი კარაფანოს აზრით, ვეტერანი რეჟისორის, რენი ჰარლინის მიერ გადაღებულ ამ ფილმს თეთრ სახლში, სავარაუდოდ, არ ნახავენ, რადგან მასში რეჟისორს აშკარად პროქართული პოზიცია აქვს.
"ის არ დააინტერესებს პრეზიდენტ ობამას, რომელიც მთელი ძალით ცდილობს რუსეთთან „გადატვირთვა" საგარეო პოლიტიკის მთავარ მიღწევად წარმოაჩინოს. ჰარლინის ფილმში კი ბ-ნი ობამას ახალი საუკეთესო მეგობრები საშინლად არიან წარმოჩენილები. მართალია სიუჟეტი ძალიან ჰოლივუდურია, თუმცა შემაშფოთებელი სცენების უმრავლესობა თვითმხილველების ნაამბობის და Human Rights Watch-ის ანგარიშების მიხედვითაა გადაღებული", - ნათქვამია სტატიაში.
მასალის ავტორის აზრით, რუსეთის რეგიონალურ ავაზაკად წარმოჩენა თეთრი სახლის ოფიციალურ ნარატივს არ შეესაბამება.
"მართლაც, ბოლო დროს მოსკოვის მსხვერპლთა დადანაშაულება შეერთებულ შტატებში ერთგვარ ოჯახურ ბიზნესად იქცა. მაგალითად, ბოლოდროინდელი განცხადებების შემდეგ იმის შესახებ, რომ რუსებმა შარშან საქართველოში ამერიკის საელჩოსთან აფეთქება მოაწყვეს (თან ეს სწორედ იმ დროს გააკეთეს, როდესაც თეთრი სახლი აშშ-რუსეთს შორის შეიარაღების კონტროლის შესახებ შეთანხმების რატიფიცირებას ცდილობდა), უმალ გამოჩნდა ადვილად პროგნოზირებადი სკეპტიკოსების მთელი არმია. Atlantic-ში გამოქვეყნებულ სტატიაში ჯოშუა ფაუსტი (American Security Project-ის მეცნიერ თანამშრომელი) იმის შესახებ წერს, რომ ეს ყველაფერი შესაძლოა ქართველების გაყალბებულია. „ისინი სასიცოცხლოდ არიან დაინტერესებულები იმით, რომ ყველაფერი რუსებს დააბრალონ" - აღნიშნავს იგი.
მაგრამ ფაუსტი ვერაფრით ხსნის ერთ მომენტს. როგორც სჩანს ქართველები მთელი ამ ისტორიის მიჩქმალვას ცდილობდნენ და მოქმედებედნენ რა საიდუმლო არხებით აშშ-ში, სურდათ რუსები უკან დახევაზე ეიძულებინათ, მაგრამ სინამდვილეში ეს ისტორია აქ, აშშ-ში გაახმაურეს", - აღნიშნულია მასალაში.
ჯეიმს ჯეი კარაფანი იმასაც წერს, რომ ვიდრე ადმინისტრაცია ცდილობს ფილმის სერიოზულ „ბლოკბასტერად" წარმოჩენას, გარე მიმომხილველები მას უარყოფითად „დაბლა დაწეული ცერა თითით" აფასებენ.