მსახიობ რამაზ ჩხიკვაძის მეუღლე ნატაშა ჩხიკვაძე ჩეხეთის ქალაქ კარლოვი-ვარში გარდაიცვალა, სადაც მეუღლესთან ერთად იმყოფებოდა. ინფორმაცია ნატაშა ჩხიკვაძის გარდაცვალების შესახებ სოციალური ქსლებით გავრცელდა.
გარდაცვალებამდე ნახევარი საათით ადრე ნატაშა ჩხიკვაძემ მედიაკავშირ "ობიექტივს" ბოლო ინტერვიუ მისცა, რომელშიც რობერტ სტურუას თანამდებობიდან გათავისუფლებასთან დაკავშირებით ისაუბრა. ნატაშა ჩხიკვაძემ განცხადება შემდეგი სიტყვებით დაიწყო: "დღეს უკვე საკითხავია რუსულ ენაზე მოგცეთ თუ არა ინტერვიუ, მაგრამ 54 წლის განმავლობაში, რაც საქართველოში ვიცხოვრე მიკეთებია მხოლოდ სიკეთე ქართველი ხალხისთვი და ქართული ხელოვნებისთვის".
"რამაზი ახლა ძალიან ცუდად არის. 24-ში ჩვენ მას თბილისში გადმოვიყვანთ. მე ვსაუბრობ და ცრემლებს ძლივს ვიკავებ, რადგან არ მინდა მან თუნდაც ჩემი ერთი ცრემლი დაინახოს. იმან, რაც მოხდა რობიკოსთან დაკავშირებით, ჩვენ ძალიან შეგვაწუხა, რადგან ჩვენი ცხოვრების საუკეთესო წლები გავატარეთ ერთად და გვერდი-გვერდ. შესაძლოა ყოფილიყო წყენებიც ან სხვა რაიმე გაურკვევლობა, მაგრამ ეს არის ძალიან პირადული და სუბიექტური. მთლიანობაში რამაზმა და რობიკომ შექმნეს დიდი ეპოქა მსოფლიო თეატრში. მე მაქვს ყველაფერი შენახული - ყველა სტატია, როცა წერდნენ, რომ ეს არის ახალი თეატრი, რომელიც არ გაქვს არც სტანისლავსკის, არც მეირჰოლდის და არც სხვას. ისინი იპყრობდნენ მსოფლიოს და მსოფლიო იყო მათ ფეხებთან. მაშინ თითქმის არავინ იცოდა რა იყო საქართველო და ყველა ეცნობოდა საქართველოს მათი სპექტაკლებით. რობიკო, ჩემო ძვირფასო, ვიცი, რომ რამაზი ასეთ მძიმე მდგომარეობაში, როგორშიც ის ახლა არის, უკიდურესად განიცდის ყველაფერს, რაც მოხდა. ეს არ უნდა მომხდარიყო. რეჟისორებს აქვთ ჩავარდნები, მომენტები, როცა მათი სპექტაკლები არ არის საეტაპო, მაგრამ არის ისტორია, რომელსაც ვერავინ შექმნის თავიდან და ვერავინ გადახაზავს, ვერავინ ამოშლის. შეიძლება შექმნა ისტორიის ახალი გვერდები, მაგრამ ის გაივლის ისევ, როგორც გაივლის ახალი დრო. ის, რაც გაკეთდა რობიკოს მიერ რამაზთან, მის თანამოაზრეებთან ერთად რუსთაველის თეატრში, იცის მთელმა მსოფლიომ - მთელი მსოფლიო იყო მათ ფეხებთან. პირველ რიგში რობიკოს უჭირს - სხვა დროა, სხვა გუნდი ჰყავს, არ არის ასე ადვილი გადაწყობა, მაგრამ ისეთი ოსტატის, ისეთი შემოქმედის, როგორიც რობერტ სტურუაა, არ შეიძლება ასე გაგდება ქუჩაში, უცერემონიოდ, მაგრამ რატომ უნდა გამიკვირდეს მაშინ, როცა დიდი რამაზ ჩხიკვაძე ასე ცუდად არის და ოფიციოზიდან ერთ ადამიანსაც არ დაურეკავს და არ უკითხავს, რა სჭირს რამაზს? რა უნდა გაკეთდეს? რით დაგეხმაროთ? ამიტომ, რატომ უნდა გამიკვირდეს ის, რაც მოხდა რობიკო სტურუას ირგვლივ. მტკივა და ვწუხვარ, რომ ჩვენ ვცხოვრობთ ასეთ დროს, ვწუხვარ, რომ ჩვენ მივეცით სიცოცხლე ამ ქვეყნის ხელოვნებას, რომელსაც უცებ სანაგვეზე ისვრიან. რობიკო, გაუძელი, მედგრად იყავი, ჩემო ძვირფასო და იცოდე, რომ შენთვის გაღებულია ყველა კარი. შენ კიდევ შექმნი შედევრებს, რამაზს ახლა სძინავს, ის ძალიან, ძალიან ცუდად არის. შენ არც შეგიძლია წარმოიდგინო ის როგორ მდგომარეობაშია. ის გამუდმებით ფიქრობს შენზე. იყავი ჯანმრთელად და შეიგნონ, რომ ვერავითარი ახალი სპექტაკლებით და არავითარი ახალი თეატრებით ხელოვნების ახალ ისტორიას ვერ დაწერენ - ვერასოდეს. ისტორია რჩება ისტორიად. თქვენ შექმენით უდიდესი ისტორია, რომელსაც ვერასოდეს ვერ წაშლიან", - განაცხადა ნატაშა ჩხიკვაძემ თავის ბოლო ინტერვიუში, რომელიც მან რობერტ სტურუას თანამდებობიდან გათავისუფლებასთან დაკავშირებით მედიაკავშირ "ობიექტივს" მისცა.
ნატაშა ჩხიკვაძემ მადლობა გადაუხადა ყველა მაყურებელს, ყველა გულშემატკივარს, ვისაც შეუძლია "ახსოვდეს, შეაფასოს და დააფასოს, ხოლო "მათი მსაჯული, ვინც ღალატი გამოიჩინა და ვისაც არ ახსოვს, იყოს ღმერთი".