ესპანეთის პოლიციის მიერ დაკავებული საქართველოს სატყეო დეპარტამენტის ყოფილი უფროსი ბიძინა გიორგობიანი გაათავისუფლეს.ამის შესახებ ინფორმაციას სოციალური ქსელის მეშვეობით თავად გიორგობიანი ავრცელებს.
ის მეგობარს წერს, რომ წუხელ, "ღამის 11 საათზე გამოუშვეს".
"ღამის 11 საათზე გამომიშვეს, მაგრამ 2 კვირით ესპანეთის ტერიტორია არ უნდა დავტოვო", - აცხადებს გიორგობიანი.
მისივე თქმით, "გერმანელებმა იომეს გმირულად".
"სერიოზულ შარს გადავრჩი. ბავშვებთან ერთად ვიყავი ერთი კვირით შვებულებაში და იქ დამაგდა ინტერპოლი. საშინელი 3 კვირა გადავიტანე და ერთი კაი წიგნიც დავწერე სიბნელეში", - ამბობს სატყეო დეპარტამენტის ყოფილი ხელმძღვანელი.
შეგახსენებთ, რომ გიორგობიანი ესპანეთის პოლიციამ რამდენიმე დღის წინ დააკავა. მასზე ძებნა ინტერპოლის საშუალებით ქართულ მხარეს ჰქონდა გამოცხადებული. შეგახსენებთ იმასაც, რომ გიორგობიანი გერმანიის მოქალაქეა და მას გერმანიამ პოლიტიკური თავშესაფარიც მისცა.