გურჯაანის რაიონი მოსავლის განადგურების საფრთხის წინაშე დგას.
დილით მოვარდნილმა ნიაღვარმა, რაც ძლიერ წვიმას ახლდა თან, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწები მთლიანად დატბორა.
რაიონის მუნიციპალიტეტის გამგებლის, შოთა უტიაშვილის თქმით, განადგურების საფრთხის წინაშე დგას ყურძნის და მზესუმზირის მოსავალიც იმ შემთხვევაში, თუკი ადიდებული ხევების შეკავება ვერ მოხდება.
"არსებობს საფრთხე, რომ ადიდებული ხევები ნაკვეთებში გადავარდეს და დატბოროს, როგორც ყურძნის, ისე მზესუმზირის მოსავალი", - განმარტა მან.
რაიონის გამგებლის ინფორმაციითვე, ამ დროისთვის სტიქიის ზონაში მუნიციპალიტეტის სპეციალური ტექნიკაა მობილიზებული, რომლებიც "სამუშაოებს აწარმოებენ, რომ მდინარეები სავარგულებში არ გადავარდეს"
უკვე შეიქმნა სპეციალური კომისია, რომელიც სტიქიის შედეგად მიყენებულ ზარალს დაითვლის.
კახეთში გამოდარებას დღის მეორე ნახევარში ელოდებიან.