დღეს, 21 აგვისტოს, პროექტის "სოფლის განვითარება რაჭა-ლეჩხუმში" მონაწილე ფერმერები ამბროლაურის ცენტრალურ ბაზარში გასაყიდად გამოიტანენ სოფლის მეურნეობის პროდუქტებს: რძისა და ხორცის ნაწარმს, თაფლსა და ბოსტნეულს.
პროექტის ხელშეწყობით ჩამოყალიბებული მექანიზატორთა თივის დამამზადებელი ჯგუფები გამოფენა-გაყიდვაზე მოსულ მოსახლეობას საკუთარ პროდუქციასა და სერვისს შესთავაზებენ.
ადგილობრივი ვეტერინარები, რომელთა მომსახურება პროექტის ხელშეწყობით გაუმჯობესდა, მოსახლეობას უფასო კონსულტაციას გაუწევენ სხვადასხვა საკითხის, მათ შორის, მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის ხელოვნური განყოფიერების თაობაზე, რომელიც მიზნად ისახავს ჯიშობრივი თვისებების გაუმჯობესებას.
გამოფენა-გაყიდვას, რომელიც უკვე მეორედ იმართება ამბროლაურში, მხარს უჭერს ადგილობრივი ხელისუფლება და ბაზრის ხელმძღვანელობა.
სამი წლის განმავლობაში, ეტაპობრივად, პროექტმა "სოფლის განვითარება რაჭა-ლეჩხუმში" ამბროლაურისა და ონის სოფლებში 130-ზე მეტ ფერმერს შესაძლებლობა მისცა, თანადაფინანსებით წამოეწყო ან გაეფართოებინა ფერმერული მეურნეობა. სემინარებისა და სასწავლო ვიზიტების შედეგად ფერმერებმა შეისწავლეს, როგორ მართონ მცირე ფერმა, აწარმოონ მეტი, უკეთესი ხარისხის და მრავალფეროვანი პროდუქტი. შედეგად, ფერმერებს გაუჩნდათ ნამატი პროდუქცია, რომელიც ბაზარზე გააქვთ გასაყიდად. ამით მათი წლიური შემოსავალი საშუალოდ 30 პროცენტით გაიზარდა.
პროექტის "სოფლის განვითარება რაჭა-ლეჩხუმში" მიზანია, გაუმჯობესებულმა ადგილობრივმა საბაზრო ურთიერთობებმა და მმართველობის პროცესებმა სოციალურად დაუცველი მოსახლეობის სასარგებლოდ იმუშაოს. პროექტს ახორციელებს "ქეა საერთაშორისო კავკასიაში" და მისი პარტნიორი ორგანიზაცია "აფხაზინტერკონტი", შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს დაფინანსებით.