საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძე დღეს ბოლნისის რაიონს ეწვია. მან სოფლების - ჭაპანას, სავანეთისა და ტალავერის - დამაკავშირებელი ახლად დაგებული გზა და ხიდი მოინახულა, რომელიც მდინარე მაშავერაზე გაკეთდა.
ახალი გზის 8-კილომეტრიანი მონაკვეთი ადგილობრივი მუნიციპალიტეტისა და კომპანია "სოკარის" ერთობლივი ძალისხმევით გაკეთდა. ამ გზით ექვსი სოფლის 14 ათასი ოჯახი ისარგებლებს.
"რამდენიმე სოფელში შევიდა გაზი. უკანასკნელ პერიოდში მოწესრიგდა როგორც სასმელი, ასევე სარწყავი წყლის საკითხი, რაც ამ დრომდე მუდმივად პრობლემა იყო. გაკეთდა ხიდები, მაგრამ ჩვენი აქ მოსვლის მიზანი არის მოსახლეობასთან ერთად განვიხილოთ რა რჩება გასაკეთებელი. რა თქმა უნდა, პრობლემები კიდევ არის და თითოეული საკითხი ნაბიჯ-ნაბიჯ უნდა მოგვარდეს", - აღნიშნა ბაქრაძე.
სპიკერის შეფასებით, მთავარია რეგიონის მოსახლეობა თავს საქართველოს სრულფასოვან მოქალაქედ გრძნობს.
"ჩვენ აქაც და სხვა რეგიონებშიც, სადაც ეთნიკური უმცირესობები ცხოვრობენ, ისევე როგორც საქართველოს ყველა სხვა კუთხეში, გავაკეთებთ ყველაფერს. ჩვენთვის საქართველოს ყველა მოქალაქე არის თანაბრად ღირებული, ყოველი ადამიანის პრობლემა არის თანაბრად ღირებული", - აღნიშნა ბაქრაძემ ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრის შემდეგ.
ბაქრაძე დღესვე ქვემო ბოლნისში გაზსადენის გახსნას დაესწრო და ბუნებრივი აირი პირველმა აანთო.