ბაკურიანში მთის სოფლის, "ბაკურიანის" მშენებლობა იწყება. პროექტს კომპანია Mountain Village ახორციელებს. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინფორმაციით, ეს არის პირველი მშენებლობა საქართველოს რეგიონებში, რომლის სამშენებლო პროცესიც სრულად იქნება დაზღვეული.
სამინისტროს ინფორმაციითვე, 19 აგვისტოს, 11:00 საათზე, კომპანია Mountain Village და სადაზღვევო კომპანია "არდი ჯგუფი" ერთობლივ პროექტთან დაკავშირებით ურთიერთშეთანხმების მემორანდუმს გააფორმებენ.
მემორანდუმი Mountain Village-ის მიერ ეკოლოგიურად სუფთა გარემოში, ბაკურიანში, როგორც მშენებლობის დროს, ასევე აშენებული კოტეჯების დაზღვევას და კლიენტის სურვილის შემთხვევაში მათ გაქირავებას ითვალისწინებს.
მემორანდუმის გაფორმებას საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილე, ბექა ჯაყელი დაესწრება.
ფინური კოტეჯები სამშენებლო სექტორისთვის ინოვაციური, კომპლექსური მიდგომით აშენდება. კოტეჯის ღირებულებაში დაზღვევა და ტურისტული კომპანიის მომსახურება შევა, რომელიც , კლიენტის სურვილის შემთხვევაში, საცხოვრებელი კოტეჯების გაქირავებას საკუთარ თავზე აიღებს.
ბაკურიანი საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე მიმზიდველი საკურორტო ზონაა, სადაც სეზონი თითქმის 12 თვეს გრძელდება . შესაბამისად, კომპანიამ Mountain Village, ამერიკული ინვესტიციით ეკოლოგიურად სუფთა, ენერგოეფექტური კოტეჯების აშენება გადაწყვიტა, რომელიც განსაკუთრებით საინტერესო შეთავაზებაა როგორც პირადი გამოყენებისთვის, ასევე გრძელვადიანი ინვესტიციის განხორციელებისთვის.