"კახეთის ენერგოდისტრიბუციის" სერვისცენტრებში რამდენიმე ინციდენტი მოხდა. ამის შესახებ "ჯი-ეიჩ-ენს" კახეთის საინფორმაციო ცენტრიდან აცნობეს. მათი განცხადებით, ენერგოსადისტრიბუციო კომპანიამ აბონენტებს, რომლებიც გადასახადს საუბნო მრიცხველების მიხედვით იხდიან, 100-იდან 150 ლარამდე თანხის გადახდა დააკისრა, ინდივიდუალური მრიცხველის მქონე აბონენტებს კი გადასახადის გადახდის დაგვიანებით მიზეზით, 30-იდან 40 ლარამდე დეპოზიტი დაარიცხა, რამაც მოსახლეობის მასობრივი უკმაყოფილება გამოიწვია.
მათი განცხადებით, კომპანიის გურჯაანის სერვისცენტრში დილის 7 საათიდან რიგში მდგომი აბონენტები შუადღემდე უშედეგოდ ითხოვდნენ გარკვევას, საიდან დაერიცხათ დავალიანება. სერვისცენტრში მათ განუმარტეს, რომ ძველი თანამშრომლები სამსახურიდან გაათავისუფლეს, ახლებმა კი ჯერ არ იციან, რა პასუხი გასცენ. როგორც აბონენტებმა განაცხადეს, მონტიორები იმ ოჯახებს, რომლებიც დავალიანებას სრულად არ დაფარავენ, ელექტროენერგიის მიწოდებას უწყვეტენ.
"მოვედით, რომ გაგვერკვია და პასუხს არ გვცემენ. საიდან რას გვაკისრებენ, თვითონაც არ იციან. 5 ლარიდან დაიწყეს და 150 ლარზე ავიდნენ. ამდენი თვეა გვაკისრებენ გაურკვეველ თანხებს და ვიხდით, როდემდე?" - აღნიშნეს აბონენტებმა. ისინი სერვისცენტრის მენეჯერთან შეხვედრას ცდილობდნენ, თუმცა სერვისცენტრის მენეჯერი მათ არ შეხვდა. საბოლოოდ სერვისცენტრის თანამშრომლებმა და აბონენტებმა ერთმანეთს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს. ხმაური დაახლოებით 40 წუთს გაგრძელდა.
კახეტის საინფორმაციო ცენტრის ცნობით, ხმაური იყო წნორის სერვისცენტრშიც. ერთ-ერთი ქუჩის მცხოვრებლებმა სერვისცენტრის ოფისთან აქციის გამართვა სცადეს, სანაცვლოდ კი კომპანიამ მათ ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყვიტა.
"კახეთის ენერგოდისტრიბუციის" მიმართ სოფლებში მასობრივი უკმაყოფილებაა. სოფლის გამგებლების თქმით, მათ საქმის კურსში რაიონის ხელმძღვანელები ჩააყენეს. ზოგიერთ სოფელში მოსახლეობა პროტესტის ნიშნად საავტომობილო გზების გადაკეტვას აპირებს", - აცხადებენ კახეთის საინფორმაციო ცენტრში.