საქართველოს ხელისუფლება აგვისტოს ბოლო რიცხვებში ე.წ. სამხრეთ ოსეთის "საზღვართან" მასშტაბურ პროვოკაციას გეგმავს. ამის შესახებ ინფორმაციას "რესი" ცხინვალის სეპარატისტული რეჟიმის ე.წ. პრეზიდენტის წარმომადგენელზე პოსტკონფლიქტური დარეგულირების საკითხებში ბორის ჩოჩიევზე დაყრდნობით ავრცელებს.
ჩოჩიევმა აღნიშნულთან დაკავშირებით საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელს, ანჯეი ტიშკევიჩს, ოფიციალური წერილითაც მიმართა და სთხოვა "სამხრეთ ოსეთის მხარის" მიერ მოპოვებული ინფორმაცია გადაამოწმოს და ოფიციალური თბილისის მხრიდან პროვოკაციების აღსაკვეთად შესაბამისი ზომები მიიღოს.
"ამგვარი პროვოკაციის მოწყობის შემთხვევაში, საზღვარზე ვითარება უკიდურესად დაიძაბება, რადგანაც იძულებული გავხდებით, მივიღოთ ყველა ზომა, რათა არ დავუშვათ არასანქცირებული გადასვლა სახელმწიფო საზღავრზე. შედეგებზე პასუხისმგებლობა კი მთლიანად ქართულ მხარეს დაეკისრება", - ნათქვამია ჩოჩიევის წერილში.