საქართველოს მთავრობა კახი კალაძის წინააღმდეგ საქმის წარმოებას იწყებს. როგორც სააგენტო "ჯი-ეიჩ-ენთან" საუბრისას, იუსტიციის მინისტრის მოადგილემ დიმიტრი ძაგნიძემ განაცხადა, სახელმწიფო კახი კალაძის კომპანიის "არსენალ სითის" წინააღმდეგ საქმის წარმოებისათვის იურიდიულ მომსახურეობას შეიძენს.
"არსენალ სითიმ" თავის დროზე არ შეასრულა სახელმწიფოს წინაშე აღებული ვალდებულებები და, შესაბამისად, სახელმწიფო შეისყიდის იურიდიულ მომსახურეობას და დაიწყებს იურიდიულ პროცედურებს. სახელმწიფო იმოქმედებს ისე, როგორც ეს კანონის ფარგლებშია გათვალისწინებული"- აცხადებს სააგენტო "ჯი-ეიჩ-ენთან" საუბრისას მინისტრის მოადგილე.
ფეხბურთელ კახი კალაძესა და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შორის მოლაპარაკებები თანხის დაფარვის გრაფიკის შედგენაზე ორ წელზე მეტია მიმდინარეობს, თუმცა ინვესტორი და სახელმწიფო დღემდე ვერ შეთანხმდნენ. სახელმწიფომ "არსენალ სითისთან" ხელშეკრულება 2008 წელს გააფორმა. ხელშეკრულების მიხედვით, ინვესტორს 38 მილიონი დოლარი უნდა გადაეხადა და 2016 წლამდე 700 მილიონი ინვესტიცია განეხორციელებინა.
კალაძეს 2008 წლის დეკემბრამდე უნდა დაეფარა 38 მლნ 20 ათასი დოლარი. თუმცა მან ბიუჯეტში ამ თანხის ნაწილი, 18 მლნ 10 ათასი დოლარი შეიტანა. დღემდე კომპანიას საპრივატიზაციო დარღვევებისთვის, ყოველდღიურად 19 ათასი აშშ დოლარის საურავი ერიცხება.
კახი კალაძისა და მთავრობას შორის უთანხმოება 2008 წლიდან არსებობს. აგვისტოს ომის შემდეგ კალაძე ეკონომიკის სამინისტროსგან პროექტის განხორციელების ვადების გადაწევას მოითხოვდა.
ცოტა ხნის წინ, კომპანიის დამფუძნებელი კახი კალაძე აცხადებდა, რომ "არსენალ სითის" მსგავსი მრავალმილიონიანი ბიუჯეტის პროექტის განხორციელებას გლობალური კრიზისის ფონზე აზრი ეკარგება და ამიტომ კალაძე ვალდებულებების გადავადებას ითხოვდა. ეკონომიკური განვითარების ყოფილი მინისტრი ლაშა ჟვანია კალაძეს პროექტში პარტნიორის შეყვანას სთავაზობდა, წინააღმდეგ შემთხვევაში სახელმწიფოს წინაშე აღებული ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო, მიწის ნაკვეთის ჩამორთმევით ემუქრებოდა.
პროექტის მიხედვით, "არსენალ სითი" მრავალფუნქციური კომპლექსია, რომელიც საცხოვრებელ, საოფისე და რეკრეაციულ ზონებს აერთიანებს. სახელმწიფოსთან აღებული ვალდებულებით, კომპანიამ კომპლექსის ტერიტორიაზე ასევე სამთავრობო ოფისები უნდა ააშენოს.