თბილისის საკრებულოს ქრისტიან-დემოკრატმა წევრმა, ადამიანის უფლებების დაცვის კომისიის თავმჯდომარის მოადგილემ ზაზა გაბუნიამ პრესკონფერენცია გამართა, რომელზეც ქალაქში ბოლო დროს მომრავლებული ქვეწარმავლების გამო მერიისა და ტენდერში გამარჯვებული ორგანიზაციის პასუხისმგებლობის საკითხზე ისაუბრა.
ზაზა გაბუნიას თქმით აპრილის თვეში ქალაქის მერიამ ჩაატარა ტენდერი, რომელშიც გაიმარჯვა ორგანიზაციამ სახელწოდებით "კობრა-კობრა". აღნიშნულმა ორგანიზაციამ ტენდერის პირობების შესაბამისად ქ. თბილისის საზღვრებში ქვეწარმავლების დასაფრთხობად ქიმიური რეპელენტით ტერიტორიების დამუშავებისა და თბილისის საზღვრებში ქვეწარმავლების დაჭერის და დაუსახლებელ ადგილებში გაყვანის ვალდებულება აიღო, რისთვისაც მერიის მიერ მთლიანობაში 160 000 ლარი იქნა გამოყოფილი.
ზაზა გაბუნია: "იმის მიუხედავად, რომ ბიუჯეტიდან საკმაოდ დიდი რაოდენობის თანხა იქნა გამოყოფილი ქვეწარმავლების წინააღმდეგ ბრძოლისთვის, სახეზე არ არის ამ ბრძოლის შედეგები და მოსახლეობას თავად უწევს სხვადასხვა წარმოშობის ქვეწარმავლებთან ბრძოლა. ეს კი უპირველესად მერიის პასუხისმგებლობის საკითხია, რადგან მან არ მიადევნა თვალი ტენდერში გამარჯვებული ორგანიზაციის საქმიანობას და დიდი რაოდენობის თანხა პრაქტიკულად ფუჭად და არაფექეტურად იქნა გამოყენებული".
ზაზა გაბუნიამ ჟურნალისტებს ჩატარებული ტენდერის შესახებ დოკუმენტაცია გადასცა, სადაც მითითებულია გამარჯვებული ორგანიზაციის ვალდებულებები და სამუშაოებისთვის ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხა.