ოსლოში მომხდარი ტერაქტის შედეგად დაკარგული ქართველის, თამთა ლიპარტელიანის ადგილსამყოფელის დადგენის მიზნით დღეიდან ნორვეგიის საავადმყოფოების შემოვლა დაიწყება.
აღნიშნულს ლიპარტელიანისა და ტერაქტის შედეგად უვნებლად გადარჩენილი კიდევ ერთი ქართველის - ნათია ჩხეტიანის დამსაქმებელი ასოციაციის "ახალგაზრდა სოციალისტების" ხელმძღვანელი დიმიტრი ცქიტიშვილი უზრუნველყოფს, რომლის რეკომენდაციითაც საქართველოს მოქალაქეები კუნძულ უტოიაზე, ახალგაზრდულ ბანაკში გაიგზავნენ.
საავადმყოფოების გადამოწმებისთვის საჭირო ნებართვა ასოციაციის ხელმძღვანელმა პოლიციისგან გუშინ მიიღო.
შეგახსენებთ, რომ ნორვეგიის კუნძულ უტოიაზე ახალგაზრდულ ბანაკზე განხორციელებული შემზარავი თავდასხმის შედეგად ათეულობით ადამიანი დაიღუპა და ასზე მეტი მოქალაქე დაშავდა. თამთა ლიპარტელიანი კი ერთ-ერთია იმ 30-ზე მეტ ახალგაზრდას შორის, რომელიც დაკარგულთა სიაში ირიცხება.