დაკავებული ფოტორეპორტიორები შესაძლოა სასამართლო დარბაზიდანვე გაათავისუფლონ.ამის შესახებ "ჯი-ეიჩ-ენს" ერთ-ერთი დაკავებულის, ზურაბ ქურციკიძის ადვოკატმა მიშა ღონღაძემ განუცხადა.
მისივე განმარტებით, საქალაქო სასამართლოში 16:00 საათზე ჩანიშნულ პროცესს თავად ბრალდებული ფოტორეპორტიორებიც დაესწრებიან.
"არსებობს შესაძლებლობა, რომ დაკავებულთა სასამართლო დარბაზიდან გათავისუფლება მოხდეს, თუმცა შესაბამისი გადაწყვეტილება სასამართლომ უნდა მიიღოს", - განმარტა ადვოკატმა.
შეგახსენებთ, თბილისის მთავარმა პროკურატურამ თბილისის საქალაქო სასამართლოს მიმართა შუამდგომლობით, მოხდეს დაკავებულთა პირობითი მსჯავრით გათავისუფლება და დაამტკიცოს ზურაბ ქურციკიძესთან, გიორგი აბდალაძესთან, ირაკლი გედენიძესთან და ნათელა გედენიძესთან მათი ინტერესების დამცველი ადვოკატების მეშვეობით 2011 წლის 22 ივლისს დადებული საპროცესო შეთანხმება.
შუამდგომლობის თანახმად, პროკურატურა ითხოვს, ოთხივე დაკავებული ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 314-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის. ასევე პროკურატურა შუამდგომლობს სასამართლოს მწინაშე საქმის არსებითი განხილვის გარეშე გამოიტანოს განაჩენი.
შუამდგომლობის თანახმად, პროკურატურა ითხოვს, რომ ზურაბ ქურციკიძეს 3 წლით, გიორგი აბდალაძესა და ირაკლი გედენიძეს 4-4 წლით, ხოლო ნათია გედენიძეს 1,6 წლით თავისუფლების პირობითითი სასჯელი შეეფარდოს.