"გიორგი აბდალაძის თხოვნას, რომ სიმართლე არ ვილაპარაკო, ვერ შევასრულებ", - ნათქვამია დაკავებული ფოტორეპორტიორის ადვოკატ ეკა ბესელიას განცხადებაში, რომლითაც ის კოლეგებსა და უფლებათადამცველებს მიმართავს.
"ბევრი რამ მინახავს ჩემი 12-წლიანი რთული საადვოკატო პრაქტიკის განმავლობაში, მაგრამ ფოტოკორესპონდენტების საქმე ერთ-ერთი ყველაზე დრამატულია და წყალგამყოფის ტოლფას მნიშვნელობას იძენს საზოგადოებაში, რომელმაც კიდევ ერთხელ უნდა გაიაროს გამოცდა: ძალუძს თუ არა საზოგადოებას სამართლიანობისა და თავისუფლებისთვის ბრძოლა. ამ საქმეში ჩემი ჩართვა მოხდა სწორედ იმიტომ, რომ იძულებითი დუმილის სივრცეში შეეღწია საზოგადოების ხმას და იმ სივრციდან სიმართლეს გამოეღწია საზოგადოებისთვის, რომელსაც აქვს უფლება, იცოდეს, რა ხდება მის ქვეყანაში, რა ხდება იმ ციხეში, რომლის მინისტრსაც და დარაჯსაც თავად უხდის ხელფასს, რა ხდება იმ საგამოძიებო უწყებაში, რომლის უფროსსაც და რიგითსაც ასევე თავად უხდის ხელფასს. დიახ, საზოგადოებას აქვს უფლება იცოდეს სიმართლე და სოლიდარობის ამ მასშტაბის დემონსტრირებამ წონასწორობა დააკარგვინა ხელისუფლებას. დაუშვა ზედიზედ გამოუსწორებელი შეცდომები და მე ვხედავ ბოლო დღეები როგორ ვჯობნით ჩვენ ყველა ერთად ამ უსამართლო, მოძალადე ხელისუფლებას სიმართლედატანილი გონებით და როგორ გვჯობნის ის ძალის დემონსტრირებით. ადამიანურად სულისშემძვრელია ჩემთვის, როდესაც ვუყურებ თავისუფლებისა და სიმართლისთვის მებრძოლ ჟურნალისტ გიორგი აბდალაძეს, რომელიც მზად იყო თუნდაც სიცოცხლის ფასად საკუთარი და პროფესიის ღირსება დაეცვა და რამდენიმე დღეში როგორ სცადა სახელმწიფო მანქანამ კრიმინალური მეთოდებით მორალურად გაეტეხა იგი. ამის შემყურემ, უფრო მეტად გამიმყარა რწმენა, რომ აქ უკან დახევა არ შეიძლება და გიორგი აბდალაძის თხოვნას, რომ სიმართლე არ ვილაპარაკო, ვერ შევასრულებ", - ნათქვამია ბესელიას განცხადებაში.
მისივე აზრით, არ შეიძლება დუმილით შეხვდე ქვეყანაში დაუნდობელი და სასტიკი სისტემის ჩამოყალიბებას, რომელიც ანადგურებს ყველას და ყველაფერს, რაც კი ღირებულია...
"თუ მე არ ვილაპარაკებ ამ უკანონობებზე, ამით ამ მოძალადე რეჟიმის დანაშაულებრივი ქმედების მონაწილე გავხდები. იგივე როლში აღმოჩდება ყველა იურისტი, რომელიც ხელს მოაწერს უკანონო გარიგებებს და დაადასტურებს თავსმოხვეულ ძალადობას", - აღნიშნულია განცხადებაში.