ადვოკატი ეკა ბესელია კოლეგებს "ადვოკატის ღირსების" შენარჩუნებისკენ მოუწოდებს და მიმართავს, დაკავებულ ფოტორეპორტიორებთან საპროცესო გარიგებას ხელი არ მოაწერონ.
"მივმართავ პირველ რიგში ჩემს კოლეგას, უფლებადამცველებსა და ადვოკატებს: ადვოკატის პროფესია და მისი ღირსება მაღალი ღირებულების მატარებელია. ადვოკატის პროფესიული ღირსება თითოეული ასეთი საქმის დროს გადადგმული ნაბიჯით იზომება და ჩვენი პრინციპებისადმი ერთგულებით გადარჩება. ჩვენ არ გვაქვს უფლება, ვიყოთ უკანონო გარიგების მონაწილენი და ამით ხელი შევუწყოთ დანაშაულებრივი სისტემის გამყარებას. უკანონო საპროცესო გარიგებაა ყველა ისეთი ე.წ შეთანხმება, როდესაც ვიცით, რომ დაპატიმრებული პირები იძულებულები არიან, დაიბრალონ დანაშაული. როდესაც მათ თავისუფალი ნების გამოვლენა არ ძალუძთ. ასეთი გარიგების ხელმოწერა უკანონო და დანაშაულებრივი ქმედებაა. თუკი ქვეყანაში არ აღმოჩდება არც ერთი ადვოკატი, რომელიც ხელს მოაწერს უკანონო საპროცესო გარიგებას, ამით ჩვენ შევაჩერებთ დანაშაულებრივ სერიალს, რომლის ნაწილი გახლავთ ფოტორეპორტიორების საქმე", - ნათქვამია ბესელიას განცხადებაში.
ამასთან, მისი აზრით, თუ უფლებადამცველები ხელისუფლებას აჩვენებენ, რომ ფოტოკორესპოდენტების საქმეში არც ერთი თავმოყვარე ადვოკატი არ დათანხმდება საპროცესო შეთანხმების გაფორმებას, ქვეყანაში სამართლიანობის აღდგენის პერსპექტივა გაჩნდება.
"ნუ მოაწერთ ხელს უკანონო გარიგებას კოლეგებო, ნუ დამალავთ სიმართლეს. ამით თქვენ გადაარჩენთ ფოტოკორესპონდენტებს ჯაშუშობის ცრუ განაჩენისგან და ამით გადაარჩენთ პროფესიულ ღირსებას", _ აღნიშნულია ეკა ბესელიას მიმართვაში.
შეგახსენებთ, რომ ამ დროისთვის გიორგი აბდალაძესთან საპროცესო შეთანხმების გაფორმებას მისი არც ერთი ადვოკატი არ თანხმდება, რის გამოც ისინი, აბდალაძის მიერ მათ აცილებას ელოდებიან.