სიღნაღის ბიბლიოთეკის კუთვნილი 40 000-მდე წიგნი უყურადღებობისგან ლპება. წიგნები ტომრებშია ჩაყრილი და სიღნაღის საჯარო სკოლის შენობის ერთ-ერთ ოთახში იატაკზე ყრია.
სიღნაღის ბიბლიოთეკა შენობის გარეშე მას შემდეგ დარჩა, რაც სიღნაღის რეაბილიტაციის პროგრამა დაიწყო. 2007 წელს საქართველოს მთავრობამ ბიბლიოთეკის შენობა კომპანია „კოკა - კოლას" მფლობელს, ბიზნესმენ თემურ ჭყონიას მიყიდა და იქ ამჟამად რესტორანი და სასტუმრო ფუნქციონირებს. 2007 წლიდან 2009 წლის ჩათვლით 60 000-ზე მეტი წიგნი ტომრებში იყო ჩაყრილი და სიღნაღის საჯარო სკოლის შენობის სარდაფში იატაკზე ეყარა. სინესტისგან ათასობით წიგნი დაობდა და დალპა.
ამ პრობლემის შესახებ სხვადასხვა დროს კახეთის საინფორმაციო ცენტრმა ინფორმაცია არაერთხელ გაავრცელა, რის შემდეგაც საინფორმაციო საშუალებებმა სიუჟეტები მოამზადეს. 2010 წლის გაზაფხულზე, გამგეობამ სარდაფში ჩაყრილი წიგნებიდან, 20 000-მდე წიგნი ამოიღო, ძირითადად საბავშვო ლიტერატურა. სკოლის შენობაში ავლიპე ზურაბიშვილის მუზეუმს ერთი ოთახი აქვს გამოყოფილი და სარდაფიდან ამოღებული საბავშვო წიგნებიც იქ დაალაგეს.
კითხვაზე, თუ რატომ ვერ გამოინახა ბიბლიოთეკისთვის სიღნაღში ადგილი, მუნიციპალიტეტის გამგებელი ნოდარ კოჭლამაზაშვილინპასუხობს, რომ თავისუფალი შენობა არ არის.