პოლიტოლოგი ირაკლი სესიაშვილი ოპოზიციურ ძალებს ურჩევს თვითმართველობის არჩევნებისთვის ერთიან კანდიდატებზე შეჯერდნენ.
ამ კონტექსტში, სესიაშვილი მიიჩნევს, რომ თბილისის მერისა და საკრებულოს თავმჯდომარეობის უკვე დასახელებულ კანდიდატებს პოლიტიკურმა უმცირესობამ მხარი უნდა დაუჭიროს.
"ვფიქრობ, იმ პირობებში, როცა ხელისუფლება არაკანონიერ და არაცივილურ გზებს იყენებს საკუთარი ინტერესების უზრუნველსაყოფად, არ შეიძლება ოპოზიციურმა პარტიებმა საკუთარი ძალები გათიშონ და ერთამენთის კონკურენტები გახდნენ. პოლიტიკური უმცირესობა უნდა ჩამოყალიბდეს ძირითად პოლიტიკურ კანდიდატებზე და იმაზე, ვინ სად იყრის კენჭს", - განუცხადა სესიაშვილმა "ჯი-ეიჩ-ენს".
მისივე განმარტებით, როცა საქართველოს კანონმდებლობა ნაციონალურ მოძრაობაზეა მორგებული და მთელი სახელმწიფო მანქანა ერთ პოლიტიკურ ძალას ემსახურება, მისი დამარცხება მხოლოდ პოლიტიკურ ძალების გაერთიანებისა და ერთიანი პოლიტიკური სტრატეგიის ჩამოყალიბებით არის შესაძლებელი.
შეგახსენებთ, რომ თბილისის მერობა ირაკლი ალასანიას, საკრებულოს თავმჯდომარეობა კი, სოზარ სუბარს სურს. მათ თავიანთი კანდიდატურები აღნიშნულ პოსტებზე უკვე ოფიციალურად დაასახელეს.