შსს-ს მიერ დაკავებული ფოტოკორესპონდენტი გიორგი აბდალაძე საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის შემდეგ აშშ-ის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს ჯონ ბასს მიმართავს და "ტყვეობიდან დახსნას" სთხოვს.
გიორგი აბდალაძის მიმართვის ტექსტს, რომელიც ალია ჰოლდინგმა გაავრცელა უცველად გთავაზობთ:
ბატონო ელჩო,
მოგმართავთ, როგორც იმ ქვეყნის წარმომადგენელს, სადაც ადამიანის უფლებების დაცვა და სიტყვის თავისუფლება პირველხარისხოვანია. უკვე მეხუთე დღეა ჯაშუშობის დაუსაბუთებელი ბრალდებით პატიმრობაში ვიმყოფები და მივმართავ პროტესტის უკიდურეს ფორმას, მშრალ შიმშილობას.
სწორედ თქვენი ქვეყნის უშუალო ჩარევის შედეგად გამათავისუფლეს ქართულ-ოსური კონფლიქტის დროს ოსი სეპარატისტების ტყვეობიდან და თუ არაკონტროლირებად ტერიტორიაზე შეძელით ჩემი დახსნა, იმედი მაქვს, თქვენს ქვეყანაში დემოკრატიული იმიჯის მქონე ლიდერის ტყვეობიდანაც დამიხსნით.
მე გახლავართ ამერიკული საინფორმაციო სააგენტოს, "ასოშეითედ პრესის" სტრინგერი. ამავდროულად ქართული "ალია ჰოლდინგის" ფოტორეპორტიორი და არა საგარეო საქმეთა სამინისტროს ჩინოვნიკი, როგორც ოფიციალური უწყებები მომიხსენიებენ.
მე არასოდეს ვაღიარებ დანაშაულს, რომელიც არ ჩამიდენია. მართალი ვარ ჩემი ქვეყნის წინაშე და იმედს ვიტოვებ, ამ სიმართლის დამტკიცებას თქვენი დახმარებით მაინც შევძლებ.
პატივისცემით
გიორგი აბდალაძე