რადიოსადგურ "ეხო მასკვის" მთავარი რედაქტორის ალექსეი ვენედიქტოვის შეფასებით, გარე დამკვირვებლისთვის "ფოტოგრაფების საქმეში" ძალიან ბევრი რამ ერთმანეთს არ ემთხვევა და შეუთავსებლობაა.
ამის შესახებ ალექსეი ვენედიქტოვმა დღეს, თბილისში, ქართველ ჟურნალისტებთან შეხვედრისას განაცხადა.
მისი თქმით, მან საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრ ვანო მერაბიშვილთან ინტრვიუ ე.წ. ფოტორეპორტიორების საქმის დაწყებამდე ჩაწერა და შესაბამისად აღნიშნულზე ვერ ესაუბრა.
"დარწმუნებული ვარ, ძალიან კარგად გესმით, რომ ამ საქმეს გვერდს ვერ ავუვლით და არა იმიტომ, რომ ისინი რუსეთის სასარგებლო ჯაშუშობაში არიან ბრალდებულები, არამედ იმიტომ, რომ ფოტორეპორტიორები ჩვენი კოლეგები არიან. საქმეს გრიფით "საიდუმლო" ადევს. ჯერ ერთი, საქართველოსა და რუსეთშიც უდანაშაულობის პრეზუმპცია არსებობს, მეორეც - შინაგან საქმეთა სამინისტროში გაკეთებულ საჯარო განცხადებებში ძალიან ბევრი რამ ერთმანეთს არ ემთხვევა. ყველა ჩანაწერი არაერთხელ ვნახე: ერთ-ერთ მათგანში ერთი, ვითომდა აგენტი მეორეს სთხოვს, რომ საბანკო ანგარიში გახსნას. ეს სისულელეა, იმიტომ, რომ საბანკო ანგარიში ფულის გადარიცხვა-გადმორიცხვას ააშკარავებს", - აღნიშნა მან.
ამასთა, "ეხო მოსკვის" მთავრმა რედაქტორმა ამერიკაში რუს ჯაშუშებთან დაკავშირებით მიმხდარი სკანდალი გაიხსენა და აღნიშნა, რომ შარშან, როცა ამერიკელებმა რუსული ჯაშუშური ქსელი გამოააშკარავეს, საქმის მთელი არსი ის იყო, რომ ფულს ჩემოდნებით გასცემდნენ და არა საბანკო ანგარიშებით, რათა კვალი არ დარჩენილიყო.
"აქ კი ანგარიშებია გახსნილი, როგორც ჩანს, სახელმწიფო სადაზვერვო სამმართველომ მთლად აურია, იქნებ გადასახადებიც კი გადაიხადეს?!" - აღნიშნავს ვენედიქტოვი და აქვე დასძენს, რომ არც იმას გამორიცხავს, რომ დაკავებული ფოტორეპორტიორები მართლაც ჯაშუშები იყვნენ.
"შესაძლოა, საქმის დახურულ ნაწილში არის მასალები, რომელთა მიხედვითაც ფოტორეპორტიორები ნამდვილად ჯაშუშები არიან, თუმცა გარე დამკვირვებლისთვის ამ საქმეში ძალიან ბევრი რამ ერთმანეთს არ ემთხვევა და შეუთავსებლობაა. ნახეთ, ცოლს ათავისუფლებენ და ქმარი მაშინვე, 30 წუთში, ღამის 2 საათზე, გამოძიებას აღიარებით ჩვენებას აძლევს. ძალიან დიდი ბოდიში, მაგრამ მთელ მსოფლიოში უკვე დიდი ხანია, რაც აღიარებითი ჩვენება მტკიცებულებად არ ითვლება, მით უმეტეს, ისეთ შემთხვევაში, როცა ცოლი, მოდით, ასე ვთქვათ, მძევლად არის აყვანილი. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, შესაძლოა, ისინი მართლა არიან ჯაშუშები, თუმცა, იქიდან გამომდინარე, რაც ოფიციოზმა წარმოადგინა, ძალიან ბევრი რამ გაუგებარია. ვფიქრობ, ჩვენი კოლეგები შსს-ს განცხადებების ტრანსილირების ნაცვლად, კითხვებს უნდა სვამდნენ - ეს არის ჩვენი სამსახური", - მიაჩნია ვენედიქტოვს.
მისივე თქმით, ყველა სახელმწიფო ჯაშუშობს და ეს სახელმწიფო აპარატის შემადგენელი ნაწილია.
"ჩვენ ვჯაშუშობდით და გავაგრძელებთ ამას საქართველოში, თქვენც ჯაშუშობდით და გააგრძელებთ ამას რუსეთში და ეს სრულიად ნორმალურია. აქ ამერიკელი, ბრიტანელი და სხვა ქვეყნის ჯაშუშებიც არიან. ეს სახელმწიფო აპარატია. აი, ჩვენც ალბათ დავიჭერთ სადღაც, სოჭში საქართველოს 20 ჯაშუშს... თან შეხედეთ, სასამართლო მოსმენა 1-ელი სექტემბრისთვის დაინიშნა, ბიჭებო, მორჩით უკვე გამოძიებას, იქნებ 1-ელ ოქტომბრამდე მოგიწევთ სასამართლო მოსმენის გადადება?! ადვოკატებს და დაკავებულის მეუღლეს ხელი მოაწერინეს იმაზე, რომ არავითარ ინფორმაციას არ გასცემდნენ: საქმე საზოგადოებრივად აქტუალური არის თუ არა? _ ვკითხულობ. ეს არის ის კითხვები, რომელსაც ჩვენ ვსვამთ რუსეთში, როცა მსგავსი საქმეები აღიძვრება ხოლმე. ჩვენ არ გვაქვს პასუხები, ჩვენ მხოლოდ კითხვები გვაქვს", - აცხადებს "ეხო მასკვის" მთავარი რედაქტორი.