დაკავებულმა ფოტოკორესპოდენტმა გიორგი აბდალაძემ საგანგებო განცხადება გაავრცელა, რომელშიც ყველა ჟურნალისტს ერთად დგომისკენ მოუწოდებს.
"მივმართავ თხოვნით ყველა ჟურნალისტს, ვისაც აღელვებს სიმართლის და ჭეშმარიტების დადგენა ამ უსამართლო საქმეზე, რომელსაც ჩადის ხელისუფლება თავისუფალი მედიის წინააღმდეგ. არ დაუთმოთ და არ დაუშვათ კიდევ ერთი მსგავსი უკანონობის გატანა, როგორიც იყო მაგალითად "იმედის", "მეცხრე არხის", "იბერიის" და უამრავი სხვა მაგალითების სახით. არ შეშინდეთ. მე თავს გავწირავ ამ სიმართლის დასადგენად, რადგან თქვენი იმედი მაქვს ყველასი. ერთადერთი, რაც შეგვიძლია ჩვენ, მხოლოდ ერთად, არ მივცეთ ახალი "ენვერების" სცენარების განხორციელების უფლება. დღეს ებრძვიან "ალიას", ხვალ ვინ იქნება...", _ ნათქვამია აბდალაძის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
აღსანიშნავია, რომ საქართველოს შს სამინისტროს მიერ გავრცელებული განცხადების მიხედვით: გამოძიების მიერ დადგენილია, რომ ზურაბ ქურციკიძეს კავშირი აქვს რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს თანამშრომლებთან. მატერიალური ანაზღაურების საფასურად ირაკლი გედენიძემ და გიორგი აბდალაძემ, რომლებიც წარმოადგენდნენ საჯარო მოხელეებს, სამსახურებრივი მოვალეობების განხორციელების პროცესში, შეძლეს საიდუმლო ინფორმაციის შემცველი დოკუმენტების ფოტო გადაღება და შემდეგ მათი მიწოდება ქურციკიძესთვის რომელიც თავის მხრივ აღნიშნულ ინფორმაციას მოსკოვში აგზავნიდა.
შეაგხსენებთ, რომ მიერ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს კონტრდაზვერვის დეპარტამენტის მიერ დაკავებულები არიან: ირაკლი გედენიძე (პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ფოტოგრაფი), მისი მეუღლე ნათია გედენიძე, ზურაბ ქურციკიძე (ევროპის ფოტოსააგენტოს წარმომადგენელი საქართველოში) და გიორგი აბდალაძე (საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ფოტოგრაფი). ნათია გედენიძე ამჟამად განთავისუფლებულია.