საპარლამენტო უმრავლესობა დარწმუნებულია, რომ დაკავებული ფოტორეპორტიორების საქმესთან დაკავშირებით შსს და პროკურატურა საზოგადოების ინტერესს დააკმაყოფილებენ და მომხდარზე საზოგადოებას ინფორმაციას მიაწვდიან. ამის შესახებ პავლე კუბლაშვილმა ჟურნალისტებს 4 ფოტოკორესპონდენტის დაკავების ფაქტის შეფასებისას განუცხადა და დასძინა, რომ საქმეს მომდევნო ეტაპზე გრიფი "საიდუმლო" მოეხსნება.
მისი განმარტებით, ეს მოხდება მაშინ, როცა საგამოძიებო ორგანოებს ამის საშუალებას საქმესთან დაკავშირებული ის გარემოებები და ვითარება მისცემს, რის გამოც მას გრიფი დაედო.
შეგახსენებთ, რომ ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებულები არიან პრეზიდენტის პირადი ფოტოგრაფი ირაკლი გედენიძე და მის მეუღლე ნათია გედენიძე, ასევე საგარეო საქმეთა სამინისტროს ფოტოგრაფი გიორგი აბდალაძე და ევროპის ფოტო სააგენტოს ფოტოგრაფი ზურაბ ქურციკიძე.