საქართველოს სახალხო დამცველის რწმუნებულები თბილისის N1 დროებითი მოთავსების იზოლატორში, დაკავებულ ფოტორეპორტიორებს ნათია და ირაკლი გედენიძეებს, გიორგი აბდალაძეს და ზურაბ ქურციკიძეს შეხვდნენ.
სახალხო დამცველის აპარატის ინფორმაციით, დაკავებულების განცხადებით, არც დაკავების დროს და არც დაკავების შემდეგ ადგილი არ ჰქონია მათ სიტყვიერ ან ფიზიკურ შეურაცხყოფას, იზოლატორის ადმინისტრაციის მიმართ მოპყრობასთან დაკავშირებით პრეტენზიები არ გააჩნიათ, ისინი დაკავების შემდეგ მოინახულა ექიმმა. მათ განაცხადეს, რომ დროულად მიეწოდებათ საკვები და საყოფაცხოვრებო პირობები დამაკმაყოფილებელია.
სახალხო დამცველის რწმუნებულების ვიზიტისას გიორგი აბდალაძე და ზურაბ ქურციკიძე უკვე მონახულებული ჰყავდათ ადვოკატებს, ხოლო ნათია და ირაკლი გედენიძეები ადვოკატს სახალხო დამცველის რწმუნებულების ვიზიტის შემდეგ შეხვდნენ.
სახალხო დამცველის აპარატი განაგრძობს დაკავებული პირების მდგომარეობის მონიტორინგს.
მასალის გამოყენების პირობები