უკანონო ფორმირების შექმნის, ხელმძღვანელობის, მასში მონაწილეობისა და დაფინანსებისთვის სისხლისამართლის პასუხისმგებლობა მკაცრდება.
აღნიშნულთან დაკავშირებით ცვლილებები "სისხლის სამართლის კოდექსში" შევიდა, რომელიც პარლამენტმა უკვე დაამტკიცა.
მიღებული გადაწყვეტილების თანახმად, უკანონო ფორმირების (ლაშქრის, გაერთიანების, რაზმის ან სხვა ჯგუფის) შექმნა ან ხელმძღვანელობა ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ექვსიდან 12 წლამდე. ასევე, უკანონო ფორმირებაში მონაწილეობა ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან შვიდ წლამდე.
უკანონო ფორმირების დაფინანსება ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ხუთიდან რვა წლამდე.
კანონში განმარტებულია, რომ ფორმირება (ლაშქარი, გაერთიანება, რაზმი ან სხვა ჯგუფი) გულისხმობს ნებისმიერ ფორმირებას, რომელიც შეიარაღებულია ცეცხლსასროლი იარაღით, საბრძოლო მასალით, ფეთქებადი ან ადვილა აალებადი ნივთიერებით, ასაფეთქებელი მოწყობილობით, ცრემლსადენი, რადიოაქტიური, ნერვულ-პარალიტიკური მოქმედების ან მომწამვლელი ნივთიერებებით, ცივი იარაღით ანდა ნებისმიერი მოწყობილობით ან საგნით, რომელიც შეიძლება გამოყენებულ იქნეს სიცოცხლის ან სხვა ობიექტის დასაზიანებლად ანდა გასანადგურებლად.
ის, ვინც ნებაყოფლობით შეწყვეტს უკანონო ფორმირებაში მონაწილეობასა და ჩააბარებს ჩამოთვლილ საგნებს, თავისუფლდება სისხლისამართლებრივი პასუხისმგებლობისგან, თუ მის ქმედებაში არ არის სხვა დანაშაულის ნიშნები.