ქართული მხარე მოლაპარაკებების დაწყებასთან დაკავშირებით რუსეთის ფედერაციისგან პასუხს ჯერ კიდევ ელოდება.
ამის შესახებ ჟურნალისტებს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ნინო კალანდაძემ, რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელ, სერგეი ლავროვის მიერ გაკეთებულ განცხადებაზე კომენტირებისას განუცხადა.
"მინისტრის ეს განაცხადება სასამართლოს ჭრილში ვერ მიიღება, როგორც ოფიციალური პასუხი, შესაბამისად, ჩვენ დაველოდებით ჩვენ გაგზავნილ ნოტაზე ოფიციალურ პოზიციას, რომელიც გონივრულ ვადებში უნდა მიეწოდოს ქართულ მხარეს", - აღნიშნა კალანდაძემ.
ამასთან, მისივე თქმით, ლავროვის დამოკიდებულება უკვე ცხადყოფს, რომ რუსეთი არასდროს აპირებდა და არც ახლა აპირებს ქართველების ეთნიკური დევნისა და რასობრივი დისკრიმინაციის თაობაზე საკუთარი პასუხისმგებლობის ნაწილში დიალოგი აწარმოოს.
"ლავროვის განცხადებები კიდევ ერთხელ ადასტურებს ქართული პოზიციის მართებულობას იმის თაობაზე, რომ საქართველოს ამოწურული ჰქონდა დიალოგის ყველანაირი რესურსი რუსეთთან მიმართებაში", - აცხადებს კალანდაძე.
ამასთან, ქართველი დიპლომატის შეფასებით, ძალიან გაცვეთილი და არაადეკვატურია არგუმენტები, რითაც რუსეთი ასაბუთებს , თუ რატომ უნდა აარიდოს თავი პასუხისმგებლობას და არ აწარმოოს საქართველოსთან დიალოგი.
"მიუხედავად ამისა, ჩვენ დაველოდებით ოფიციალურ პოზიციას და თუ არ იქნება პასუხი ჩვენ შეთავაზებაზე, მაშინ მივიღებთ შესაბამის გადაწყვეტილებას", - აღნიშნა მან.
შეგახსენებთ, რომ ჰააგის საერთაშორისო სასამართლოს მოთხოვნის შესაბამისად, ქართულმა მხარემ შვეიცარიის საელჩოს საშუალებით კრემლს ოფიციალური ნოტა გაუგზავნა, რომლითაც მოლაპარაკებების დაწყებას სთავაზობს.