საქართველოსთვის ჰააგის სასამართლოში საქმის განახლება თვითმიზანი არა არის.
ამის შესახებ "ჯი-ეიჩ-ენს" საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ აკაკი მინაშვილმა განუცხადა.
მისი თქმით, ქართული მხარის მიზანია ოკუპირებულ ტერიტორიებზე დევნილების დაბრუნება უსაფრთხო და ღირსეულად მოხერხდეს და თუ ამაზე ოფიციალურ მოსკოვთან შედეგიანი მოლაპარაკებების გამართვა შესაძლებელი გახდება, შესაბამისად, საქმე ჰააგის სასამართლოში აღარ განახლდება.
"ჩვენ კიდევ ერთხელ ვთავაზობთ მოსკოვს, რომ მოლაპარაკებები დავიწყოთ დევნილების საკუთარ სახლებში დაბრუნებაზე. ეს ჩვენთვის სერიოზული პრობლემა, რადგან 400 ათასამდე ადამიანი საკუთარი სახლებიდან ძალით გამოდევნეს", - აღნიშნა მინაშვილმა.
დეპუტატის თქმით, თუ აღნიშნულ საკითხზე ქართული და რუსული მხარეები შეთანხმებას შესძლებენ, პრობლემა აღმოიფხვრება.
"თუ პრობლემა არ იქნება აღმოფხვრილი, ასეთ შემთხვევაში მის მოსაგვარებლად ყველანაირ სამართლებრივ და დიპლომატიურ გზას გამოვიყენებთ", - აღნიშნა აკაკი მინაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ ჰააგის საერთაშორისო სასამართლოს მოთხოვნის შესაბამისად, ქართულმა მხარემ შვეიცარიის საელჩოს საშუალებით, კრემლს ოფიციალური ნოტა გაუგზავნა, რომლითაც აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით მოლაპარაკებების დაწყებას სთავაზობს.