ხვალ, 16 მაისს, 14:00 საათზე, „ქართული პარტია" ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთან საპროტესტო აქციას გამართავს. პარტიის ლიდერები ამერიკის შეერთებულ შტატებს საქართველოში არჩევანის თავისუფლების წართმევაში ადანაშაულებენ.
პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა ირაკლი ოქრუაშვილმა განაცხადა, რომ თუ რუსეთი საქართველოს ართმევს ტერიტორიებს, აშშ საქართველოს თავისუფლებას ართმევს. აქციის შესახებაც პირველმა ოქროუაშვილმა, ტელეკომპანია „მაესტროს" ეთერით განაცხადა.
„შეიძლება სიახლე იყოს თქვენთვის, მაგრამ ჩვენი მიზანია სათავესთან მისვლა და ონკანის გადაკეტვა. ეს ონკანი მდებარეობს დიღომში, ამერიკის საელჩოში, საიდანაც მოდის ის ნიაღვარი, რომლითაც ქართული საზოგადოება იწამლება. თუ რუსები გვართმევენ ტერიტორიებს, ამერიკელები გვართმევენ თავისუფლებას და ვერასდროს ტერიტორიებს ვერ გამოვიყენებთ შესაბამისად, თუ არ გვექნება თავისუფლება", - განაცხადა ოქრუაშვილმა.
მსგავსი განცხადებით გამოვიდა პარტიის თანათავჯდომარე ეროსი კიწმარიშვილიც.
„თუ ვინმეს აინტერესებს, ქართველი ხალხის პოზიცია, გავიდნენ ეს პოლიტიკური ძალები და შეხვდნენ ხალხს და კითხონ რას ფიქრობს ქართველი ხალხი იმაზე, რასაც ქვია სააკაშვილის რეჟიმის მხარდაჭერა ამერიკის შეერთებული შტატების ადმინისტრაციის მიმართ. ჩვენ ვთვლით, რომ რუსეთმა წაგვართვა ტერიტორიები, მაგრამ ამ ტიპის მხარდაჭერით ამერიკის შეერთებული შტატების ადმინისტრაცია გვართმევს თავისუფლებას, სუვერენიტეტული არჩევანის თავისუფლებას შიდა თუ სხვა პოლიტიკურ საკითხებში", - განაცხადა კიწმარიშვილმა.
საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი ჯონ ბასი "ქართული პარტიის" მხრიდან აშშ-ის ხელისუფლებისა და საელჩოსადმი გამოთქმულ რადიკალურ განცხადებებს გამოეხმაურა.
ჯონ ბასის შეფასებით, საელოს შენობასთან აქციის გამართვის თაობაზე „ქართული პარტიის" გადაწყვეტილება დემოკრატიული გარემოს მაჩვენებელია.
„სიტყვის თავისუფლება და შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლება - ეს არის ორი ქვაკუთხედი, რომელსაც ეფუძვნება ნებისმიერი დემოკრატიული საზოგადოება. ჩვენ პატივისცემით ვეკიდებით ამ თავისუფლების გამოხატვას, მიუხედავად იმისა, ვეთანხმებით თუ არა გაცხადებულ მიზნებსა და ამოცანებს", - განაცხადა ელჩმა.