ლეიბორისტული პარტია ე.წ. ღორის გრიპით დაინფიცირებულთა დასახმარებლად პრეზიდენტის, მთავრობის და დედაქალაქის მერის სარეზერვო ფონდებიდან ერთად 5 მილიონი ლარის გამოყოფას მოითხოვს.
როგორც დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე პარტიის წარმომადგენელმა სოსო შატბერაშვილმა განაცხადა, ქვეყანა H1N1-ის ვირუსის პანდემიის საშიშროების წინაშე დგას.
"ვირუსით დაინფიცირებულთა რაოდენობა იმაზე გაცილებით მეტია, ვიდრე ეს ოფიციალურ მომაცემებშია ნათქვამი. ვირუსის საწინააღმდეგო პრეპარატები საკმაოდ ძვირი ღირს. ამას ემატება ისიც, რომ კლინიკებში, მაგალითად იაშვილის კლინიკაში, პაციენტის ერთი დღით მოთავსება 100 ლარი ჯდება. მოვითხოვთ პრეზიდენტისა და მთავრობის ფონდებიდან, რომელიც 50 მილიონ ლარს შეადგენს და მერიის ფონდიდან, რომელიც 5 მილიონი ლარით განისაზღვრება დაინფიცირებულთა დასახმარებლად 5 მილიონი ლარი გამოიყოს. აღნიშნული თანხით სკოლებში და საზოგადოებრის თავშეყრის ადგილებში პირბადეების უფასოდ დარიგება მოხდება. ასევე, რისკ ჯგუფებში შემავალი პაციენტების უფასოდ მკურნალობა. გარდა ამისა, უნდა მოხდეს ექიმებისთვის დამატებითი ხელფასის გამოყოფა", - განაცხადა შატბერაშვილმა.
მისივე ინფორმაციით, ამ დროისთვის იაშვილის კლინიკა "იმის გამო, რომ დაინფიცირებულ ბავშვებს ვეღარ იტევს, დახურულია. გარდა ამისა შატბერაშვილის განმარტებით, პრობელმას წარმოადგენს ისიც, რომ არც ერთი სადაზღვევო კომპანია ე.წ. ღორის გრიპით დაინფიცირებული პაციენტების მკურნალობას ხარჯებს არ ანაზღაურებს.