სარფის ცენტრში ჩასატარებელი სარეკონსტრუქციო-სამშენებლო სამუშაოებისათვის მთავრობა 1 მლნ. 604 ათას 400 ლარს დახარჯავს. აღნიშნული თანხის გამოყოფა, რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან იგეგმება.
თანხის გამოყოფის თხოვნით, ცენტრალურ ხელისუფლებას ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტმა მიმართა, სადაც სოფელ სარფში, საბაჟო-გამშვები პუნქტის
რეკონსტრუქციის სამუშოები მიმდინარეობს.
ადგილობრივი მუნიცილაპიტეტის ინფორმაციით, , სარფის ცენტრის განაშენიანების ერთიანი წინადადების განხორციელებისათვის დღის წესრიგში დადგა სარეკონსტრუქციო ტერიტორიაზე არსებული სავაჭრო და სხვა
საზოგადოებრივი დანიშნულების ობიექტების ნაცვლად ალტერნატიული,
თანამედროვე მოთხოვნების შესაბამისობაში მყოფი ობიექტების მშენებლობა,
ტერიტორიის კეთილმოწყობა, ტრანსპორტის გამართული და შეუფერხებელი
მოძრაობის სქემის შექმნა. აღნიშნული სამუშაოების განსახორციელებელად კი მთავრობა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტს 1 მლნ. 604 ათას 400 ლარს გამოუყოფს.
შეგახსენებთ, რომ მოდერნიზებული სარფის საბაჟო-გამშვები პუნქტის გახსნა 26 მაისისთვისაა დაგეგმილი.
სარფის საბაჟო-გამშვები პუნქტის რეაბილიტაციის პროექტი, სარფის საბაჟო-გამშვები პუნქტის სრულ რეკონსტრუქციას ითვალისწინებს, რომლის შემდეგ ახალი შენობა იქნება მაღალი გამტარუნარიანობის მქონე, თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი ინფრასტრუქტურა, რომელიც დააჩქარებს და კომფორტულს გახდის საბაჟო გაფორმების პროცესს, როგორც ფიზიკური პირებისათვის, ისე ტვირთებისათვის. აღსანიშნავია ისიც, რომ პროექტის მიხედვით, საბაჟო-გამშვები პუნქტის გარკვეული ნაწილი შევა ზღვაში, რითაც მოხდება ტერიტორიის მნიშვნელოვნად გაფართოება. მშენებლობა მთლიანად სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება.