კაპიტალის მოსაზიდად, მთავრობა სს "საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდის" 100 მლნ. აქციის გამოშვებას გეგმავს. მთავრობა, "საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდის" საინვესტიციო ინსტრუმენტად ჩამოყალიბებას გეგმავს.
"საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდი" წარმოადგენს 100% სახელმწიფო წილობრივი მონაწილეობის საწარმოს, რომლის მთავარი დანიშნულებაც, ინვესტორებისათვის, ჰიდრო-ელექტრო სადგურების ასაშენებლად, პორტფელური ინვესტიციების, ასევე ცალკეული პროექტების დაფინანსების სქემების შეთავაზება წარმოადგენს. ფონდის მუშაობის გასაძლიერებლად, კი მისი საინვესტიციო ინსტრუმენტად ჩამოყალიბებაა დაგეგმილი. ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს ინფორმაციით, საინვესტიციო ინსტრუმენტის ერთი სახეობა შესაძლოა იყოს "საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდის" აქციები.
კომპანიის ამჟამინდელი კაპიტალი, 100 ათას ლარს შეადგენს, რაც რომელიმე დაგეგმილი საინვესტიციო პროექტის წამოწყებად, საკმარისი არ არის.
ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროში მიიჩნევენ, კომპანიამ წესდებით განსაზღვრული საქმინაობა, რომ განახორციელოს ამისათვის დამატებითი კაპიტალის მოზიდვაა საჭირო, რაც დამატებითი აქციების გამოშვების გზით მოხდება.
ხეთაგურის უწყებაში განმარტავენ, რომ ამ ეტაპზე, მიზანშეწონილი იქნება დამატებით, დაახლოებით 100 მლნ. აქციის გამოშვებაზე ავტორიზაციის მიღება.
აქციების გამოშვება მოხდება საინვესტიციო კაპიტალის მოზიდვის პარალელურად. ერთი აქციის ნომინალური ღირებულება იქნება 1 ლარი.
აქციების რეგისტრაცია საქართველოს საფონდო ბირჟაზე მოხდება. ამასთან, უცხოელი ინვესტორების მოთხოვნის შემთხვევაში შესაძლებელია კომპანიის აქციების უცხოურ ბირჟაზე სავაჭროდ დაშვება გლობალური დეპოზიტარული სერტიფიკატების (Global Depositary Receipts) გამოშვების მეშვეობით.
გასათვალისიწინებელია ის გარემოებაც, რომ ნებადართული აქციების გამოშვება შესაბამისად შეამცირებს სახელმწიფოს მონაწილეობას ს/ს "საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდში". სახელმწიფომ შესაძლოა დაკარგოს წილის 2/3-ზე მეტი, რაც გამოიწვევს გადაწყვეტილების მიღებისას სახელმწიფოს შესაბამისი წილის შემცირებას, გარდა იმ შემთხვევისა თუ სახელმწიფო თვითონ არ შეიძენს ნებადართულ აქციებს.