ფინანსთა მინისტრმა კახა ბაინდურაშვილმა პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტს 2011 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში ცვლილებები გააცნო.
როგორც მინისტრმა კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ ეკონომიკის ზრდის პროგნოზი 4.5%-იდან 5.5%-მდე იზრდება.
"ვფიქრობთ, ეკონომიკის ზრდასთან დაკავშირებით 5.5% უფრო დაბალია და წლის ბოლომდე შეიძლება 6.5%-7% მიაღწიოს. ეს დამოკიდებულია ევროპაში მიმდინარე მოვლენებზე, რადგან მათთან მაღალი სავაჭრო ბრუნვა გვაქვს", - აღნიშნა ბაინდურაშვილმა.
რაც შეეხება ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილის გაზრდას, ფინანსთა მინისტრის განცხადებით, 348.8 მილიონი ლარიდან მხოლოდ 230 ლარი მიემართება ხარჯვით ნაწილში, ხოლო დანარჩენით დეფიციტის 4.3%-იდან 3.7%-მდე შემცირებას მოხმარდება.
ბაინდურაშვილმა სოფლის მეურნეობის 150 მილიონი ლარით გაზრდის საკითხი განმარტა და აღნიშნა, რომ სოფლის მეურნეობის ბიუჯეტი, რაც არის წარმოდგენილი სახელმწიფო ბიუჯეტის კანონში, არ ნიშნავს სოფლის მეურნეობის დარგზე მიმართულ თანხას.
"სოფლის მეურნეობის დარგი ფინანსდება, როგორც სახელმწიფო ბიუჯეტიდან, ასევე არასაბიუჯეტო ხარჯებით, კერძო ინვესტიციებით. მივესალმებით, თუ სოფლის მეურნეობაში მომავალში მეტი კერძო ინვესტიცია ჩაიდება, რადგანაც ეს ნიშნავს, რომ დარგი ფეხზე დგას", - აღნიშნა ბაინდურაშვილმა.