დღეს "თიბისი ბანკმა" დეპოზიტების თამაშის "იპოვე $10 000" გამარჯვებულს ოფიციალურად გადასცა ის თანხა, რომელიც მან თამაშის შედეგად მოიგო. მიწაში დამარხული 10 000 დოლარის ადგილსამყოფელს პირველად თბილისელმა ვასილ ლებანიძემ მიაგნო და ეს 26 მარტს, ბორის პაიჭაძის სახელობის სტადიონზე მოხდა, როცა ფეხბურთის ათეულ ათასობით მაყურებელი უჩვეულო სანახაობის მომსწრე გახდა.
თიბისი ბანკის ორიგინალური თამაში "იპოვე $10 000" 18 მარტს დაიწყო და მასში 13 ათასამდე სუბიექტი - მოთამაშე თუ მოთამაშეთა გუნდი ჩაერთო. ფულის საპოვნელად მათ სხვადასხვა მინიშნების გამოცნობა და სპეციალური დავალებების შესრულება მოუწიათ.
თამაში 4 ეტაპისგან შედგებოდა და ყოველ მომდევნო ეტაპზე, თამაშის გართულებასთან ერთად, მოთამაშეთა რიგებიც მცირდებოდა. ორგანიზატორები ზუსტად მართავდნენ თამაშის დროში მიმდინარეობას. მოთამაშეების აღრიცხვა მუდმივად ხდებოდა მათ მიერ ფეისბუქზე სპეციალური კოდების შეყვანის გზით.
თამაში "იპოვე $10.000" თიბისი ბანკის დეპოზიტების მიმდინარე სარეკლამო კამპანიის" ნაწილია. მიწაში ფული ამ კამპანიის სარეკლამო რგოლის ერთ-ერთმა პერსონაჟმა - ედმონდ აბაშიძემ დამარხა. თიბისი ბანკმა კი, თამაშის გზით, ნებისმიერ ადამიანს მისცა ამ ფულის პოვნისა და მისაკუთრების საშუალება და ამით საზოგადოებას დაანახა, რომ ფულის მიწაში დამარხვა, თუ სხვა, მსგავს ადგილას გადამალვა, რისკიანია და ფული მხოლოდ ბანკში, კერძოდ კი - თიბისი ბანკშია უსაფრთხოდ დაცული.
თამაშმა კულმინაციულ ფაზას დაწყებიდან 1 კვირაში, 25-26 მარტს მიაღწია, როცა მე-4 ეტაპზე ყველაზე ადრე გადასული რამდენიმე სუბიექტი გამოიკვეთა. 26 მარტს, შუადღისას კი, ბოლო დავალების შესასრულებლად, ყველაზე პირველი სწორედ ლებანიძის გუნდი მივიდა, რომელმაც დავალების სწორად შესრულების შედეგად მიიღო ბოლო მინიშნება - ადგილი, სადაც ფული იყო დამარხული და დრო, თუ როდის შეიძლებოდა იქ მისვლა.
დათქმულ ადგილზე და დათქმულ დროს კი, ცნობილი საფეხბურთო მატჩის შესვენებაზე, ათეულ ათასობით ადამიანის თვალწინ, მან სანუკვარ ჯილდოს მიაგნო - თიბისი ბანკის $10.000-იან ჩეკს და წერილს: "ფულს მიწაში რა უნდა, ფული ბანკშია!"
თიბისი ბანკმა მიიღო გადაწყვეტილება და წამახალისებელ ჯილდოს თამაშის II ადგილზე გასული გუნდიც მიიღებს, რომელიც I ადგილზე გასულ გუნდს მხოლოდ 2 საათით ჩამორჩა.