ერთ თვეში საქართველოსა და ბულგარეთს შორის პირდაპირი ავიარეისების შესრულება დაიწყება. ორ ქვეყანას შორის დღეს, პირდაპირი საჰაერო მიმოსვლის დაწყების შესახებ ხელშეკრულება გაფორმდა.
საქართველოს მთავრობის სახელით ხელშეკრულებას ხელი ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ვერა ქობალიამ და ბულგარეთის ტრანსპორტის, საინფორმაციო ტექნოლოგიებისა და კომუნიკაციების მინისტრმა ალექსანდრ ცვეტკოვმა მოაწერეს. ვერა ქობალიას განცხადებით, აღნიშნული შეთანხმება ქართულ ავიაკომპანიებს მისცემს საშუალებას, ზედმეტი ბიუროკრატიული ბარიერების გვერდის ავლით შევიდნენ ბულგარეთის ავიაბაზარზე და პირიქით.
"ყოველივე ეს კიდევ უფრო დააახლოებს ორ ქვეყანას და გაზრდის მგზავრთა ნაკადს საქართველოსა და ბულგარეთს შორის. მსგავსი შეთანხმების გაფორმება ჩვენი პოლიტიკის ნაწილი, რაც მიზნად ისახავს საქართველოს საჰაერო ბაზრის ლიბერალიზებას. ყოველივე ეს გაზრდის კონკურენციას აღნიშნულ ბაზარზე, გააუმჯობესებს მომსახურების ხარისხს და გავლენას მოახდენს საფასო პოლიტიკაზე დაწევის მიმართულებით", - აღნიშნა ქობალიამ.
აღნიშნული ხელშეკრულების გაფორმება, ბულგარეთ-საქართველოს შორის ყველა შეზღუდვის მოხსნას ითვალისწინებს, რაც ორ ქვეყანას შორის საჰაერო მიმოსვლის თავისუფლად განხორციელებას აფერხებდა. დღემდე, ორ ქვეყანას მხოლოდ ჩარტერული რეისები სრულდებოდა, ხოლო ერთ თვეში ორ ქვეყანას შორის პირდაპირი ავიარეისები შესრულდება.