ადამიანის უფლებათა საკითხებში ევროკავშირის კომისარი თომას ჰამერბერგი ცხინვალის ტერიტორიის დატოვებაზე უარს აცხადებს იქამდე, ვიდრე დარჩენილი ორი ტირძნისელი მოზარდის გათავისუფლებაც არ მოხდება. ამის შესახებ ე. წ. პოსტკონფლიქტური დარეგულირების აპარატი იუწყება.
"ადამიანის უფლებათა საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი კომისარი თომას ჰამერბერგი კვლავ ცხინვალში იმყოფება და იგი სამხრეთ ოსეთის დატოვებაზე უარს აცხადებს, ვიდრე დარჩენილი ორი მოზარდის გათავისუფლებაც არ მოხდება", - ე. წ. პოსტკონფლიქტური დარეგულირების აპარატის აღნიშნულ ინფორმაციას ე. წ. სამხრეთ ოსეთის ინფორმაციისა და ბეჭდური სიტყვის კომიტეტი ავრცელებს.
შეგახსენებთ, რომ სამხრეთ ოსეთის უმაღლესი სასამართლოს მოსამართლის, მელი თიბილოვას გადაწყვეტილებით, 1992 წელს დაბადებულ ლევან ხმიადაშვილსა და 1993 წელს დაბადებულ ვიქტორ ბუჩუკურს თავისუფლების ერთი წლით აღკვეთა მიესაჯათ. ისინი სასჯელს საერთო რეჟიმის შრომაგასწორებით კოლონიაში მოიხდიან, ხოლო 1995 წელს დაბადებულები, გიორგი რომელაშვილი და ალეკო ცაბაძე, პირობითი ერთწლიანი სასჯელის გამოტანის შემდეგ სასამართლოს დარბაზიდან გაათავისუფლეს", - ნათქვამია კომიტეტის განცხადებაში.
ე. წ. სამხრეთ ოსეთის ინფორმაციისა და ბეჭდური სიტყვის კომიტეტის ინფორმაციით, ამ დროისთვის ტირძნისელი მოზარდების სასამართლო პროცესი დასრულებულია.