ტირძნისელი მოზარდების მიმართ სეპარატისტული სამხრეთ ოსეთის სასამართლოს მიერ გამოტანილ განაჩენთან დაკავშირებით ოფიციალურ განცხადებას ცხინვალის მხარეც ავრცელებს.
ე. წ. სამხრეთ ოსეთის ინფორმაციისა და ბეჭდური სიტყვის კომიტეტის ინფორმაციით, სასამართლოს მსვლელობისას ბრალდებულთა ბრალეულობა სრულიად დადასტურდა. თავად განსასჯელებმა კი ბრალი ნაწილობრივ აღიარეს.
"სამხრეთ ოსეთის უმაღლესი სასამართლოს მოსამართლის, მელი თიბილოვას გადაწყვეტილებით, 1992 წელს დაბადებულ ლევან ხმიადაშვილსა და 1993 წელს დაბადებულ ვიქტორ ბუჩუკურს თავისუფლების ერთი წლით აღკვეთა მიესაჯათ. ისინი სასჯელს საერთო რეჟიმის შრომაგასწორებით კოლონიაში მოიხდიან, ხოლო 1995 წელს დაბადებულები, გიორგი რომელაშვილი და ალეკო ცაბაძე, პირობითი ერთწლიანი სასჯელის გამოტანის შემდეგ სასამართლოს დარბაზიდან გაათავისუფლეს", - ნათქვამია კომიტეტის განცხადებაში.
ე. წ. სამხრეთ ოსეთის ინფორმაციისა და ბეჭდური სიტყვის კომიტეტის ინფორმაციით, ამ დროისთვის ტირძნისელი მოზარდების სასამართლო პროცესი დასრულებულია.