სააპელაციო სასამართლომ ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერის ლევან გაჩეჩილაძის საცხოვრებელ სახლთან დაკავშირებული სარჩელი წარმოებაში არ მიიღო.
როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" გაჩეჩილაძის ადვოკატმა ნათია კორკოტაძემ განუცხადა, აღნიშნულის მიზეზი მოსარჩელე მხარის მიერ შესაბამისი ბაჟის გადაუხდელობა გახდა.
"იმისთვის, რომ სააპელაციო სასამართლოს ჩვენი სარჩელი წარმოებაში მიეღო, 8 ათასი ლარი უნდა გადაგვეხადა, თუმცა არსებობდა იმის შესაძლებლობა, რომ ეს ბაჟი შემცირებულიყო, რაც ჩვენს შემთხვევაში არ დაუშვეს", - განმარტა კორკოტაძემ.
მისივე თქმით, აღნიშნულის გამო ის უზენაეს სასამართლოში წარსადგენად ახალ სარჩელს ამზადებს, რასაც სასამართლოში მომავალ კვირას შეიტანს.
გარდა ამისა, ადვოკატის განმარტებით, სანამ სასამართლო პროცესი არ დასრულდება, გაჩეჩილაძეს და მის ოჯახს ბინიდან (ბარნოვის ქუჩა 144, ბ. 51) გამოსახლება არ ემუქრებათ. აუქციონიც სასამართლო დავის დასრულებამდე ვერ გამოცხადდება.
შეგახსენებთ, რომ სულ 2005-2009 წლებში გაჩეჩილაძეების ოჯახის მიერ აღებულია შემდეგი სასესხო ვალდებულებები: შვედეთის მოქალაქე ფრედერიკ პოლსენისგან 2007 წელს, ძირითადი თანხა 2.000.000 აშშ დოლარი. სესხი უზრუნველყოფილია უძრავი ქონებით - ქ. თბილისი, ქობულეთის ქუჩა .. მესაკუთრე: მანველიტა თავართქილაძე (ლევან გაჩეჩილაძის სიდედრი). ამჟამად დავალიანება შეადგენს (ძირითადი თანხა და საპროცენტო განაკვეთი) - 2.390.000 აშშ დოლარს; სს „ტაო პრივატ ბანკისგან" 2009 წლის 12 იანვარს, ძირითადი თანხა 160.000 აშშ დოლარი. სესხი უზრუნველყოფილია უძრავი ქონებით - ქ. თბილისი, ბარნოვის ქუჩა 144, ბ. 51; მესაკუთრე: მანველიტა თავართქილაძე (ლევან გაჩეჩილაძის სიდედრი). ამჟამად დავალიანება შეადგენს (ძირითადი თანხა და საპროცენტო განაკვეთი) - 203.431,78 აშშ დოლარს (საქმეზე ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილება გასაჩივრებულია ქ. თბილისის სააპელაციო სასამართლში. სააპელაციო სასამართლოს, ხოლო შემდგომში უზენაესი სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების მიღების შემდეგ მოხდება გაჩეჩილაძეების კუთვნილი უძრავი ქონების აუქციონის წესით რეალიზაცია); „თი ბი სი ბანკისგან" 2005 წელს, ძირითადი თანხა 300.000 აშშ დოლარი. სესხი უზრუნველყოფილია უძრავი ქონებით - საგურამო, ... ქუჩა .. მესაკუთრე: ნინო მიქელაძე (ლევან გაჩეჩილაძის მეუღლე). ამჟამად დავალიანება შეადგენს (ძირითადი თანხა და საპროცენტო განაკვეთი) - 499.000 აშშ დოლარს; „თი ბი სი ბანკისგან" 2005 წელს, ძირითადი თანხა 200.000 აშშ დოლარი. სესხი უზრუნველყოფილია უძრავი ქონებით - საგურამო, ... ქუჩა .. მესაკუთრე: ნინო ძიძავა (გია გაჩეჩილაძის მეუღლე). ამჟამად დავალიანება შეადგენს (ძირითადი თანხა და საპროცენტო განაკვეთი) - ... აშშ დოლარს.