ვაშინგტონი ამერიკის მოქალაქეებს მოუწოდებს ირანი დაუყოვნებლივ დატოვონ და ქვეყანაში გამგზავრებისგან თავი შეიკავონ.
როგორც აშშ-ის ახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაშია აღნიშნული, ახლო აღმოსავლეთში უსაფრთხოების ვითარება გაუარესებულია და საომარი მოქმედებები შესაძლოა სწრაფად გაფართოვდეს.
აშშ-ის შეფასებით, ირანმა, იემენელმა ჰუსიტებმა და თეირანთან დაკავშირებულმა სხვა დაჯგუფებებმა შესაძლოა რეგიონში ამერიკის მოქალაქეები და აშშ-ის ინტერესებთან დაკავშირებული ობიექტები, მათ შორის კომპანიები და დაწესებულებები, სამიზნედ აირჩიონ.
გაფრთხილება რეგიონში ბოლო დღეებში მომხდარ თავდასხმებს მოჰყვა. გამოცემა Euronews-ის ცნობით, ირანმა ბაჰრეინსა და ქუვეითში აშშ-ის ობიექტებს შეუტია, ხოლო იემენელმა ჰუსიტებმა ერ-რიადის ფინანსურ რაიონში მდებარე შენობას დაარტყეს. თავდასხმის შედეგად 11 ადამიანი დაშავდა.
ამერიკის მოქალაქეებს ასევე მოუწოდებენ, ყურადღებით აკონტროლონ ავიაკომპანიებისა და აეროპორტების მუშაობა, რადგან მოსალოდნელია რეისების გაუქმება, საჰაერო სივრცის ჩაკეტვა და გადაადგილების შეზღუდვა.
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი მოქალაქეებს ურჩევს, თავი აარიდონ დემონსტრაციებსა და ხალხმრავალ ადგილებს, განსაკუთრებული სიფრთხილე გამოიჩინონ ამერიკასთან დაკავშირებულ ობიექტებთან და უსაფრთხოების ზომები დაიცვან საჰაერო თავდასხმის შემთხვევაშიც.
შეგახსენებთ, რომ აშშ-ს ირანში საელჩო არ აქვს და ამერიკის მოქალაქეებს საკონსულო დახმარებას შვეიცარია უწევს.