პირისპირ მოლაპარაკება მიმდინარეობს არაკომპეტენტურ, კორუმპირებულ „ოცნებასა“ და რუსეთის მხარეს შორის - თან მარტო და პირისპირ, თან კორუმპირებული, თან არაკომპეტენტური ის სცენარია, რომელიც ყველაზე კოშმარულ სიზმარშიც შეიძლებოდა არ გვენახა, - ამის შესახებ „გახარია საქართველოსთვის“ დეპუტატმა, გიორგი შარაშიძემ განაცხადა.
შარაშიძე რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენლისა და საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილის, გიორგი ზურაბაშვილისა და რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, მიხაილ გალუზინის მინსკში შეხვედრას გამოეხმაურა.
„აქამდეც ვამბობდით, რომ, რა თქმა უნდა, რუსეთთან დიალოგი საჭიროა. მეტსაც გეტყვით, აუცილებელი. ამას, რა თქმა უნდა, ჩვენს გარდა სხვა ვერავინ გააკეთებს, მაგრამ აქ მთავარია, ვინ ელაპარაკება რუსეთს. მით უფრო, როდესაც არის პირისპირ საუბარი. დღეს ჩვენ ვხედავთ, რომ კორუმპირებული, გახრწნილი, არაკომპეტენტური „ოცნება“, რომელიც ყველაფერს აკეთებს, რომ საქართველო იზოლაციაში აღმოჩნდეს და აღარ დარჩეს სტრატეგიული პარტნიორები, რუსეთს ელაპარაკება, თან მარტო და პირისპირ, თან კორუმპირებული, თან არაკომპეტენტური ის სცენარია, რომელიც ყველაზე კოშმარულ სიზმარშიც შეიძლებოდა არ დაგვსიზმრებოდა. აქამდე მიგვიყვანა დღეს „ოცნებამ“, რომ პირისპირ მოლაპარაკება მიმდინარეობს არაკომპეტენტურ, კორუმპირებულ „ოცნებასა“ და რუსეთის მხარეს შორის.
ამ მოლაპარაკებას არ აქვს არანაირი დაცულობა ჩვენი სტრატეგიული პარტნიორების და იმ საერთაშორისო ორგანიზაციების მხრიდან, რომლებიც პირველ რიგში, არიან საქართველოს სუვერენიტეტის და დამოუკიდებლობის გარანტი. ჟენევის ფორმატი რატომ იყო მისაღები?! იმიტომ, რომ იქ თანათავმჯდომარეები არიან და შესაბამისად, ამ ფორმატის ობიექტურობას და საქართველოს ინტერესების დაცვას არა მხოლოდ საქართველო ცდილობს, არამედ ევროკავშირი, გაერო და ა.შ. როდესაც ამის ალტერნატივად „ოცნება“ გვთავაზობს, რომ საქართველოსა და რუსეთის ფედერაციას შორის პირისპირ მოლაპარაკებები რომელიღაც რუსული გავლენის მქონე დედაქალაქში გაიმართოს და ამას არ ჰქონდეს არანაირი საერთაშორისო დაცულობა და გარანტიები მათ შორის, ჩვენი უსაფრთხოების და სუვერენიტეტის, რა თქმა უნდა, მიუღებელია,“ - განაცხადა შარაშიძემ.
ცნობისთვის, რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გიორგი ზურაბაშვილი და რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე მიხაილ გალუზინი ერთმანეთს ბელარუსის დედაქალაქ მინსკში შეხვდნენ.