მეუფე იობის მიმართ შეურაცხმყოფელი „ფეისბუქ-პოსტის“ გამო, გენერალური პროკურორის ყოფილი მოადგილე, ლაშა ნაცვლიშვილი სასამართლომ 2 500 ლარით დააჯარიმა. გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ მანუჩარ ცაცუამ მიიღო. სხდომას არ დასწრებია ლაშა ნაცვლიშვილი.
შინაგან საქმეთა სამინისტროს სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველო ნაცვლიშვილს საჯარო სივრცეში ლანძღვა-გინებას ედავებოდა.
შეგახსენებთ, მროველ-ურბნელმა მიტროპოლიტმა იობმა (აქიაშვილი) ქადაგებისას განაცხადა, რომ საქართველოს დღევანდელმა ხელისუფლებამ „თავისი შესაძლებლობები სრულად ამოწურა“. მისი თქმით, როგორც მსოფლიოშია მიღებული, რომ მთავრობები იცვლება, საქართველოშიც უკეთესი უნდა ავირჩიოთ მომავალში, რადგან დღეს არ იგრძნობა ეროვნული ინტერესები ქვეყანაში. ამასთან, მიტროპოლიტ იობის თქმით, ხელისუფლება ურწმუნოა. ამის შემდეგ მეუფე იობს არაერთი პირი, მათ შორის ლაშა ნაცვლიშვილი თავს დაესხა და შეურაცხყოფა მიაყენა.