2 და 3 დეკემბერს ოსი სეპარატისტები მათ მიერ გატაცებულ საქართველოს მოქალაქეებს გაასამართლებენ. 2 დეკემბერს ოთხი ტირძნისელი მოზარდის სასამართლო გაიმართება, 3 დეკემბერს კი _ ლამისყანიდან გატაცებული ექვსი ქართველის სასამართლო პროცესი.
ოს სეპარატისტთა ლიდერმა ედუარდ კოკოითიმ ევროსაბჭოს ადამიანის უფლებათა დაცვის კომისარ თომას ჰამარბერგთან შეხვედრისას განაცხადა, რომ საქართველოს ე. წ. სამხრეთ ოსეთის 40-ზე მეტი "მოქალაქე" ჰყავს დატყვევებული.
"საქართველოს სამხრეთ ოსეთის 40-ზე მეტი მოქალაქე ჰყავს დატყვევებული და მათზე ჩვენთვის ცნობილი არაფერია", _ განაცხადა კოკოითიმ თომას ჰამარბერგთან შეხვედრაზე.
ოს სეპარატისტთა ლიდერის განცხადებით, საქართველოს ე. წ. სამხრეთ ოსეთმა 2008 წლის აგვისტოს მოვლენების შემდეგ 86 ადამიანი გადასცა, საქართველომ კი ე. წ. სამხრეთ ოსეთს _ შვიდი.
ამას გარდა, ოს სეპარატისტთა ლიდერმა განცხადა, რომ "სამხრეთ ოსეთში მყოფი საქართველოს მოქალაქეები სახელმწიფო საზღვრის დარღვევისთვის კანონის წინაშე აგებენ პასუხს".