რუსეთის ბრიანსკის ოლქის ქალაქ სტაროდუბში მდებარე საწარმო „კონსერვსუშპროდზე“, რომელიც რუსეთის არმიისთვის კონსერვებს აწარმოებს, სავარაუდოდ, უპილოტო საფრენი აპარატებით მიიტანეს იერიში. ამის შესახებ Telegram-არხი ASTRA წერს.
გამოცემის ცნობით, მკითხველების მიერ გამოგზავნილ ფოტოებსა და ვიდეოებში ცეცხლმოკიდებული შენობა ჩანს. თავდასხმის შესახებ ოფიციალური ინფორმაცია ამ დროისთვის არ გავრცელებულა.
„კონსერვსუშპროდი“ რუსეთის არმიისთვის კონსერვების ერთ-ერთი მიმწოდებელია. საწარმოზე თავდასხმები 2023 და 2025 წლებშიც განხორციელდა.
მანამდე, გავრცელდა ინფორმაცია, რომ დილით, რუსეთის სამარის ოლქის ქალაქ ნოვოკუიბიშევსკში, ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაში ხანძარი გაჩნდა. საწარმო რეაქტიულ საწვავს აწარმოებს, მათ შორის რუსეთის საჰაერო-კოსმოსური ძალების საჭიროებისთვის.