ჩემი დაგროვილი გამოცდილების გათვალისწინებით, იზოლატორშიც და ციხეშიც, აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ დავითაძის მიმართ ნამდვილად განხორციელდა ეს კოშმარი, - ამის შეასხებ პატიმრობაში მყოფი "დროას“ ლიდერი, ელენე ხოშტარია მსჯავრდებულ გიორგი დავითაძის მიერ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში წერს.
„სისტემა კლავს, სისტემა რყვნის, სისტემა უნდა დაემხოს! ჩემი დაგროვილი გამოცდილების გათვალისწინებით, იზოლატორშიც და ციხეშიც, აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ დავითაძის მიმართ ნამდვილად განხორციელდა ეს კოშმარი. გარდა ამისა, ამაზე მოწმობს, რომ: 1. სპეციალურად ეფარებიან კამერას. 2. წინასწარ მოემზადნენ ხელთათმანით და ექიმით. 3. ფორმალურად იქნევენ დეტექტორს. 5. პირველად არ აკეთებენ!
დამნაშავე ავადმყოფები არიან შემსრულებლებიც, დამკვეთებიც, დამნერგავებიც, დავალების გამცემებიც, "გამპრავებლებიც" და მთლიანად სისტემა ბიძინა ივანიშვილის თაოსნობით. პასუხისმგებლობა როგორც მათ, ისე საკუთარ თავსაც უნდა დავაკისროთ. არ უნდა შევეგუოთ, უნდა ვიმოქმედოთ. დღეს ჩვენი ძალა ერთად ბრძოლაშია, ხოლო ჩვენი მთავარი სისუსტე გულგრილობაში.
ჩემი ოჯახი და ჩემი გუნდი პატიმარ დავითაძისა და მისი ოჯახის გვერდით იქნება ბოლომდე!“, - წერს ელენე ხოშტარია წერილში, რუსთავის ქალთა ციხიდან.
ცნობისთვის, მსჯავრდებული გიორგი დავითაძის მიერ თბილისის სააპელაციო სასამართლოში გაკეთებული განცხადების მიხედვით, ის N6 პენიტენციური დაწესებულების ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს. მისივე თქმით, აღნიშნული დეესკალაციის ოთახში განხორციელდა, მასში რამდენიმე პირი მონაწილეობდა და მისი მტკიცებით, „ყველაფერი კამერებში ჩანს“.
საკითხს გამოეხმაურა სპეციალური პენიტენციური სამსახურიც და აღნიშნულს დეზინფორმაცია უწოდა. პენიტენციური სამსახურის მტკიცებით, დავითაძის მიმართ „არათუ სექსუალური, არამედ არანაირი სახის ძალადობას არ ჰქონია ადგილი“.