სამხრეთ კორეის პრეზიდენტმა ლი ჯე-მიონგმა განაცხადა, რომ სეული უკრაინის წინააღმდეგ „შემდგომ ზომებს“ მიიღებს, თუ კიევი ოფიციალურად არ აღიარებს ორ ქვეყანას შორის შეთანხმებას და საჯაროდ არ მოიხდის ბოდიშს ორი ჩრდილოკორეელი სამხედრო ტყვის სამხრეთ კორეაში გადაყვანის შესახებ ინფორმაციის გამჟღავნებისთვის. ამის შესახებ ლი ჯე-მიონგმა სოციალურ ქსელ X-ზე დაწერა.
დავა მას შემდეგ დაიწყო, რაც უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ გაერო-ს გენერალურ ასამბლეაზე განაცხადა, რომ უკრაინამ რუსეთის მხარეს მებრძოლი და ტყვედ აყვანილი ორი ჩრდილოკორეელი სამხედრო სამხრეთ კორეას გადასცა. სეული აცხადებს, რომ მათი გადაყვანის შესახებ ინფორმაცია კონფიდენციალური უნდა ყოფილიყო, რათა ტყვეების ჩრდილოეთ კორეაში დარჩენილი ოჯახების უსაფრთხოება დაცულიყო.
„თუ [უკრაინა] გააგრძელებს ფაქტის უარყოფას და ოფიციალურ ბოდიშზე უარს იტყვის, სეული დამატებით ზომებს მიიღებს“, - განაცხადა სამხრეთ კორეის პრეზიდენტმა.
ამასთან, უკრაინის ხელისუფლება უარყოფს, რომ ქვეყნებს შორის ინფორმაციის გაუმჟღავნებლობის შესახებ ოფიციალური შეთანხმება არსებობდა. უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანდრი სიბიჰამ საკითხს „დიპლომატიური გაუგებრობა“ უწოდა და განაცხადა, რომ მისი სწრაფად მოგვარებისთვის მუშაობენ.
სამხრეთ კორეის საგარეო საქმეთა სამინისტროს მაღალი რანგის წარმომადგენლის განცხადებით, სეულისა და კიევის საგარეო საქმეთა მინისტრები ამჟამად განიხილავენ, როგორი პასუხი უნდა გასცეს უკრაინამ სამხრეთ კორეის მოთხოვნას, მათ შორის ბოდიშის საკითხს.
ორი ჩრდილოკორეელი სამხედრო უკრაინულმა ძალებმა 2025 წლის იანვარში, რუსეთის კურსკის ოლქში, ტყვედ აიყვანეს. ისინი სამხრეთ კორეაში სექტემბრის შუა რიცხვებში ჩავიდნენ.