უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანდრი სიბიჰამ იუნესკოს მოუწოდა, რუსეთს ორგანიზაციაში ხმის უფლება და ხელმძღვანელ და სამუშაო ორგანოებში არჩევის უფლება ჩამოერთვას. მისი თქმით, ამის მიზეზი კიევში უკრაინის მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის შენობაზე რუსეთის მიერ განხორციელებული დარტყმაა.
სიბიჰამ ამის შესახებ სოციალურ ქსელ X-ზე დაწერა.
„ჩვენ ასევე მოვუწოდებთ იუნესკოს - ორგანიზაციას, რომლის ერთ-ერთი მთავარი მიზანი მეცნიერებისა და სამეცნიერო საზოგადოების დაცვაა - აგრესორ სახელმწიფოს ჩამოართვას ხმის უფლება და უფლება, არჩეული იყოს ნებისმიერ ხელმძღვანელ ან სამუშაო ორგანოში“, - განაცხადა სიბიჰამ.
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, უკრაინას პარტნიორების მხრიდან უფრო მეტი მხარდაჭერა სჭირდება, მათ შორის მეტი ჩამჭრელი რაკეტა, უფრო მკაცრი სანქციები და რუსეთისა და მისი მხარდამჭერების წინააღმდეგ ზეწოლის გაძლიერება.
სიბიჰას განცხადებით, რუსეთი განზრახ აფართოებს იმ ზღვარს, თუ რისი მოთმენისთვის არის, მისი შეფასებით, მსოფლიო მზად.
„შუა დღისით რუსეთმა კიევის ცენტრში უკრაინის მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის შენობას დაარტყა. სამწუხაროდ, ვრცელდება ინფორმაცია, რომ ამ თავდასხმის შედეგად არიან დაღუპულები და დაშავებულები. რუსეთის ცინიზმს საზღვარი არ აქვს. სამუშაო დღის შუაგულში ხალხით სავსე სამეცნიერო დაწესებულება მისი ტერორის მორიგ სამიზნედ იქცა“, - განაცხადა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა.