აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია უკრაინაში ომის დეესკალაციისა და რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის მიზნით მოლაპარაკების პროცესში სამ პრიორიტეტულ პუნქტს გამოყოფს.
ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ გამოცემა Axios-თან ინტერვიუში განაცხადა.
ზელენსკის თქმით, აშშ-ის წინადადება სამ ძირითად საკითხს მოიცავს:
ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე დარტყმების შეწყვეტას;
შავ ზღვაში „მარცვლეულის დერეფნის“ ფუნქციონირების აღდგენას;
აშშ-ის, უკრაინისა და რუსეთის სამმხრივი შეხვედრის გამართვას, სავარაუდოდ, აბუ-დაბიში.
ზელენსკის განცხადებით, ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე დარტყმების ორმხრივად შეწყვეტის ინიციატივა აშშ-ისგან მოდის და უკრაინა მზად არის, მას დათანხმდეს.
„დღის წესრიგში ახლა ენერგეტიკული ზავის წინადადებაა. ჩვენ მზად ვართ“, - განაცხადა ზელენსკიმ.
მისი თქმით, ვაშინგტონი ასევე ცდილობს შავი ზღვის მარცვლეულის დერეფნის მუშაობის აღდგენას და აშშ-ის, უკრაინისა და რუსეთის მონაწილეობით სამმხრივი შეხვედრის ორგანიზებას.
ზელენსკის განცხადებით, აშშ-უკრაინა-რუსეთის სამმხრივი შეხვედრისთვის აბუ-დაბი ერთ-ერთ შესაძლო ადგილად განიხილება. მისი თქმით, ვაშინგტონმა ასევე წამოჭრა წინასწარ ტექნიკური ჯგუფების შეხვედრის გამართვის შესაძლებლობა, ლიდერების შეხვედრამდე. უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ კიევი ნებისმიერი ქვეყნისა და ფორმატის მიმართ ღიაა.
ზელენსკიმ ასევე განაცხადა, რომ დონალდ ტრამპთან შეხვედრისას შესთავაზა, სამმხრივი შეხვედრის ერთ-ერთ პირველ კონკრეტულ შედეგად ენერგეტიკული ზავის მიღწევა განიხილონ.