თეთრმა სახლმა საკუთარ YouTube-არხზე „Trump TV“ - 24-საათიანი პირდაპირი ტრანსლაცია გაუშვა, რომელიც აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის, განცხადებებს, გამოსვლებსა და მის მონაწილეობით გამართული ღონისძიებების ამსახველ ვიდეოებს აჩვენებს.
თეთრი სახლის YouTube-არხზე აღნიშნულია, რომ „TRUMP TV: The Essentials Station“ ტრამპის მონაწილეობით „საუკეთესო ვიდეოებსა და ყველაზე მნიშვნელოვან მომენტებს“ მთელი დღის განმავლობაში გადასცემს.
პროექტის ამოქმედება იმ ფონზე მოხდა, როდესაც ტრამპის ადმინისტრაციამ თეთრ სახლში CNN-ის, MS NOW-ისა და Politico-ს ჟურნალისტების დაშვება შეზღუდა. ტრამპმა ეს მედიასაშუალებები „ფეიკ ნიუსის“ გავრცელებაში დაადანაშაულა.
ამ გადაწყვეტილებას ამერიკული ტელეარხების ნაწილი გამოეხმაურა. FOX News Media-მ, ABC News-მა, CBS News-მა, CNN-მა და NBC News-მა განაცხადეს, რომ დონალდ ტრამპის მონაწილეობით გამართული ღონისძიებების გაშუქებას წყვეტენ მას შემდეგ, რაც ადმინისტრაციამ რამდენიმე მედიასაშუალების ჟურნალისტებს თეთრი სახლის ტერიტორიაზე შესვლა აუკრძალა.
„არც ერთმა ადმინისტრაციამ არ უნდა შეზღუდოს საინფორმაციო ორგანიზაციის საქმიანობა მხოლოდ იმის გამო, რომ არ ეთანხმება მის რეპორტაჟებს“, - ნათქვამია ტელეკომპანიების ერთობლივ განცხადებაში.