უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანდრი სიბიჰამ აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის მიერ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების შესახებ კანონპროექტის მიღებას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ეს რუსეთის რეჟიმის მიერ უკრაინის წინააღმდეგ აგრესიული ომის შეწყვეტაზე უარის თქმის პასუხია.
ამის შესახებ სიბიჰამ X-ზე დაწერა.
სიბიჰას თქმით, წარმომადგენელთა პალატაში კენჭისყრა იმ დროს გაიმართა, როდესაც რუსეთმა კიევზე მორიგი ბალისტიკური იერიში მიიტანა და ოდესაზე თავდასხმები გააგრძელა.
„ეს არის სწორი პასუხი რუსეთის უარზე, შეწყვიტოს თავისი ტერორი - აგრესორზე უკომპრომისო ზეწოლა, რომლის მიზანიც მისი სამხედრო მანქანის დაფინანსების შეწყვეტაა. აშშ-ის კონგრესი მკაფიო სიგნალს აგზავნის - რუსეთს არ შეუძლია, დაუსჯელად გააგრძელოს აგრესია. რაც უფრო დიდხანს გააგრძელებს პუტინი ამ ომს, მისთვის და მისი რეჟიმისთვის ფასი მით უფრო მაღალი იქნება “, - განაცხადა სიბიჰამ.
მისივე თქმით, უკრაინა მადლობას უხდის ყველა კონგრესმენს, რომელმაც კანონპროექტს მხარი დაუჭირა.
სიბიჰამ ასევე მოუწოდა უკრაინის სხვა პარტნიორებს, რუსეთის წინააღმდეგ დამატებითი სანქციები დააწესონ.
„სრული ემბარგო, რუსი მებრძოლებისთვის ქვეყანაში შესვლის სრული აკრძალვა, შეზღუდვები ე.წ. „ჩრდილოვან ფლოტზე“ და სრული ბლოკირების სანქციები რუსეთის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის წინააღმდეგ. ჩვენ შეგვიძლია, პუტინი შევაჩეროთ და მას ამ ომის გაგრძელებისთვის საჭირო რესურსები მოვაკლოთ“, - აღნიშნა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა.
შეგახსენებთ, აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების „ლინდსი გრემის კანონპროექტი“ მიიღო.
კანონპროექტის მიხედვით, ტრამპს უფლება ექნება, 100%-მდე ტარიფები დაუწესოს იმ ქვეყნების იმპორტს, რომლებიც რუსულ ენერგორესურსებს ყიდულობენ ან რუსეთს სანქციების გვერდის ავლაში ეხმარებიან.
დოკუმენტი ასევე ითვალისწინებს სანქციების დაწესებას რუსეთის მაღალჩინოსნების, ბანკებისა და ე.წ. „ჩრდილოვანი ფლოტის“ წინააღმდეგ. ამასთან, კანონპროექტი ირანის წინააღმდეგ მოქმედ სანქციებსაც ახანგრძლივებს.
კანონპროექტი აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს ხელმოსაწერად გადაეგზავნება.