ევროკავშირის საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში უმაღლესი წარმომადგენლის, კაია კალასის განცხადებით, უკრაინის ტერიტორიაზე, პოლონეთის საზღვართან, რუსული დრონით მატარებელზე განხორციელებული იერიში დასავლური სამყაროს დაშინების მცდელობა და გზავნილი იყო
კალასის თქმით, ევროპამ რუსეთს უნდა აჩვენოს, რომ არ ეშინია და უკრაინის მხარდაჭერას გააგრძელებს, წინააღმდეგ შემთხვევაში რუსეთი უკრაინის დამორჩილებას მიაღწევს.
„საკითხავია, რა გაკვეთილი უნდა გამოვიტანოთ ამ გზავნილიდან? ჩემი აზრით, პირიქით უნდა მოვიქცეთ. უნდა ვაჩვენოთ, რომ მხარს ვუჭერთ უკრაინას და არ გვეშინია, წინააღმდეგ შემთხვევაში, რუსეთი უბრალოდ მიაღწევს იმას, რაც სურს - უკრაინის დამორჩილებას. როგორც არაერთხელ აღვნიშნე, ეს რუსეთის საბოლოო მიზანი არ არის, ამიტომ ჩვენ მტკიცედ უნდა დავრჩეთ ჩვენს პოზიციაზე“, - განაცხადა კაია კალასმა.
რუსულმა დრონმა 13 სექტემბერს უკრაინის ქალაქ იაგოდინთან, პოლონეთის საზღვრის სიახლოვეს, კიევი-ვარშავის მიმართულებით მოძრავი მატარებელი დააზიანა. დარტყმას მსხვერპლი არ მოჰყოლია. ინციდენტამდე ცოტა ხნით ადრე ტერიტორიაზე დიპლომატიური მატარებელი იმყოფებოდა, რომელშიც ყოფილი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი, შვედეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი კარლ ბილდტი და ევროკავშირის რამდენიმე ქვეყნის უსაფრთხოების მრჩევლები იმყოფებოდნენ.
უკრაინის რკინიგზის ინფორმაციით, არსებობს მაღალი ალბათობა, რომ რუსული დრონის სამიზნე სწორედ დიპლომატიური მატარებელი იყო, რომელმაც სადგური დარტყმამდე ცოტა ხნით ადრე დატოვა.