აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალურმა წარმომადგენელმა ჯარედ კუშნერმა განაცხადა, რომ ომის დასრულების შესახებ შეთანხმების მისაღწევად მთავარი საკითხი უკრაინის მიერ იმ ტერიტორიებთან დაკავშირებით დათმობებზე თანხმობაა, რომელთა მოთხოვნასაც რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი აყენებს.
ამის შესახებ კუშნერმა კიევში გამართულ „იალტის ევროპული სტრატეგიის“. ყოველწლიურ ფორუმზე, გამოსვლისას ილაპარაკა.
კუშნერის განცხადებით, ვაშინგტონს სამშვიდობო შეთანხმების ძირითადი ნაწილი უკვე მომზადებული აქვს, თუმცა მის გაფორმებას უკრაინის მიერ ტერიტორიულ დათმობებზე უარი აფერხებს.
„პრეზიდენტმა პუტინმა ჩამოაყალიბა თავისი პოზიცია იმის შესახებ, რისი მიღწევა სურს. უკრაინას ამ საკითხზე დათმობებზე წასვლა რომ სურდეს, შეთანხმების დანარჩენ პუნქტებს უკვე შევათანხმებდით. თუმცა უკრაინას ახლა ამის გაკეთება არ სურს.
ჩვენი, როგორც შუამავლების, ამოცანაა ვიპოვოთ კრეატიული გამოსავალი, რომელიც არ ეწინააღმდეგება უკრაინის სურვილებს, დაგვეხმარება მიზნის მიღწევაში და, ამასთან, რუსეთს კონფლიქტის დასრულებაზე დავითანხმებთ ისე, რომ ორივე მხარემ შეძლოს წინსვლა ისეთი სისტემის ფარგლებში, რომელიც მსგავსი ვითარების განმეორებას გამორიცხავს“, - განაცხადა კუშნერმა.
კუშნერმა ასევე განაცხადა, რომ შუამავლების ამოცანა ისეთი „კრეატიული გამოსავლის“ პოვნაა, რომელიც კონფლიქტის გაყინვის შესაძლებლობას შექმნის. მისი თქმით, ტერიტორიული საკითხი ბრძოლის ველზე არსებულ ვითარებას უნდა ითვალისწინებდეს.
„ყოველ შემთხვევაში, ამ ეტაპზე ისინი [რუსები ] სწორად მსჯელობენ - რომ სურთ, განიხილონ, როგორ შეიძლება ამ პრობლემის როგორმე მოგვარება. პრეზიდენტ ზელენსკის, რაც ვნახეთ, თუ ვიმსჯელებთ, მტკიცე გადაწყვეტილება აქვს. და რაც მოვისმინეთ, პრეზიდენტი პუტინიც ამისკენ მიისწრაფვის. ჩვენ უბრალოდ უნდა ვიპოვოთ სწორი ფორმულა, რომელიც ყველასთვის მისაღები იქნება“, - თქვა კუშნერმა.
უკრაინული მედია აღნიშნავს, რომ კუშნერმა გამოსვლისას, რუსეთის მიერ არაპროვოცირებული აგრესიისთვის პასუხისმგებლობის საკითხის ნაცვლად, ყურადღება ომის დასრულების შემდეგ ბიზნესინტერესებსა და „ეკონომიკურ კეთილდღეობაზე“ გაამახვილა.
მედია ხაზს უსვამს, რომ სწორედ მაშინ, როდესაც კუშნერი პუტინის რეალური სამშვიდობო მოლაპარაკებებისთვის მზადყოფნაზე საუბრობდა, კიევში მორიგი რუსული თავდასხმის გამო საჰაერო განგაშის სიგნალი ჩაირთო.
კითხვაზე, რამდენად ხშირად გეგმავს კიევში ჩასვლას, რათა უკრაინის მხარდაჭერა აჩვენოს და საჰაერო დარტყმების თუნდაც დროებით შეწყვეტას შეუწყოს ხელი, კუშნერმა განაცხადა, რომ დისტანციურად მუშაობა ურჩევნია.
„ჩვენ არ ვართ დემონსტრაციული დიპლომატიის მომხრეები. ჩვენ ვაკეთებთ იმას, რაც საჭიროა - ტელეფონით ან Zoom-ის საშუალებით... მე ვისურვებდი ჩამოსვლას მაშინ, როდესაც მშვიდობა დამყარდება“, - თქვა კუშნერმა.