აშშ იმედოვნებს, რომ უკრაინას, რუსეთსა და აშშ-ს შორის სამმხრივი მოლაპარაკებები გაიმართება, თუმცა აღიარებს, რომ მხარეებს ომის დასრულების სასურველ შედეგზე საერთო ხედვა ჯერ არ აქვთ. ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალურმა წარმომადგენელმა ჯარედ კუშნერმა იალტის ევროპული სტრატეგიის (YES 2026) ყოველწლიური შეხვედრის ფარგლებში განაცხადა.
მისი თქმით, ამერიკული დელეგაცია კმაყოფილია მოსკოვსა და კიევში მოლაპარაკებების ბოლო რაუნდის შედეგებით და იმედოვნებს, რომ სამმხრივი შეხვედრა უახლოეს მომავალში გაიმართება.
ამასთან, კუშნერმა აღნიშნა, რომ მხარეებს სასურველ საბოლოო შედეგზე საერთო ხედვა არ აქვთ. მისი თქმით, მოლაპარაკებების ყველაზე რთულ საკითხად კვლავ ტერიტორიული საკითხი რჩება.
კუშნერის თქმით, „როგორც ადრე, ყველაზე რთულ საკითხად კვლავ ტერიტორიული საკითხი რჩება“.
„ვფიქრობ, ეს აშკარად გარკვეულწილად დაკავშირებულია იმასთან, რაც ბრძოლის ველზე ხდება, სადაც ამ მხრივ ვითარება საკმაოდ დინამიკურია“, - განაცხადა კუშნერმა.
მისივე შეფასებით, ტექნოლოგიური პროგრესი და ბრძოლის ველზე განვითარებული მოვლენები ორივე მხარის მოლოდინს აჭარბებს.
„ვიმედოვნებთ, რომ ამას მალე სამმხრივი მოლაპარაკებების ფარგლებში განვიხილავთ. ჩვენ ვმუშაობთ მათ ორგანიზებაზე, რაც, ჩემი აზრით, სწორედ ერთ-ერთი მიზანი იყო. დავრწმუნდით, რომ როდესაც ორივე მხარესთან ერთად ვიკრიბებით, ეს გაცილებით პროდუქტიულია, ვიდრე მხარეებთან ცალ-ცალკე მოლაპარაკება.... თუ საბოლოო შედეგის მიღწევა გსურთ“, - აღნიშნა მან.
სპეციალური წარმომადგენლის განცხადებით, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა განსაზღვრა ის ხაზი, რომლის მიღწევაც სურს.
„თუ უკრაინა დათანხმდება, რომ უკან დაიხიოს ამ ხაზამდე - საუბარია დონბასზე, მაშინ, ცხადია, შეთანხმების დანარჩენი ნაწილი უკვე მომზადებული და შეთანხმებულია. თუმცა, ჯერჯერობით უკრაინა ამის გაკეთებას არ აპირებს.
ჩვენი, როგორც შუამავლების, ამოცანაა, ვიპოვოთ კრეატიული გამოსავალი, რომელიც არ ეწინააღმდეგება უკრაინის პოზიციას და დაეხმარება მას საკუთარი მიზნის მიღწევაში. ამავდროულად, მოგვეცეს შესაძლებლობა, რუსეთი კონფლიქტის დასრულებაზე დავითანხმოთ ისე, რომ ორივე მხარემ შეძლოს წინსვლა ისეთი პირობებით, რომლებიც მომავალში მსგავსი კონფლიქტის განმეორებას გამორიცხავს“, - თქვა კუშნერმა..
მისივე თქმით, იმედი აქვს, რომ მომდევნო რამდენიმე კვირის განმავლობაში შესაძლებელი გახდება იმის გამოცხადება, თუ რა იქნება შემდეგი ნაბიჯები, რომლებიც მხარეებს წინსვლის გზასთან დააახლოებს.